ახალი ამბები

კორონავირუსის 3 ახალ შემთხვევაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

15 მარტი, 2020 • 2395
კორონავირუსის 3 ახალ შემთხვევაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

დღეს, 15 მარტს კორონავირუსის დადასტურებულ 3 ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცნობით, ინფიცირებული პაციენტები საშუალო ასაკის არიან. ერთის მდგომარეობა სერიოზულია, ორის – არა.

ცერცვაძის ინფორმაციით, სამივე დამოუკიდებელი შემთხვევაა და მათ კავშირი არ აქვთ წინა კლასტერებთან (ინფექციის გადადების ჯგუფებთან). ამ ეტაპზე უცნობია გადადების ადგილი (ქვეყანა), თუმცა ცნობილია, რომ მათ კონტაქტი ჰქონდათ მაღალი ეპიდემიოლოგიური ქვეყნის მოქალაქეებთან. უცნობია ამ ქვეყნის დასახელებაც.

“სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან, მაღალი რისკის ქვეყნებიდან.  ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმ იმედის მომცემ სიტუაციას, როცა საქართველოში არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, როდესაც დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ არ იცის ვისგან დაინფიცირდა. ეს მდგომარეობა უფრო სერიოზულია და სპეციალურ ტაქტიკას მოითხოვს, მაგრამ საბედნიეროდ ამ სამივე ადამიანმა იცის ვისთან ჰქონდა კონტაქტი”, – აცხადებს ცერცვაძე.

მისივე ცნობით, სამივე მათგანი იყენებდა იზოლაციის ერთ-ერთ ფორმას, თვით-იზოლაციას ან კარანტინს.

დღეს ღამით კიდევ 9 ანალიზის შედეგი გახდება ცნობილი. ცერცვაძის ცნობით, მიმდინარეობს ინფიცირებულების ეპიდკონტაქტების შესწავლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი