ახალი ამბები

დავა “რუსთავი 2–ის” გარშემო – მოსარჩელის, მოპასუხისა და სასამართლოს არგუმენტები

14 აგვისტო, 2015 •
დავა “რუსთავი 2–ის” გარშემო – მოსარჩელის, მოპასუხისა და სასამართლოს არგუმენტები

რას ითხოვს ქიბარ ხალვაში?


როგორც სარჩელიდან ირკვევა, ხალვაში ითხოვს “რუსთავი 2–ისგან” 500 000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციას, ასევე ამჟამინდელი მეწილეების, პარტნიორების საკუთრება გაუქმდეს, სანაცვლოდ კი მესაკუთრეებად  ქიბარ ხალვაშის 60%-იანი და შპს “პანორამას” 40%–იანი წილიების ცნობას ითხოვს.


სარჩელში აღნიშნულია, რომ როდესაც ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2–ის” წილები შეიძინა, ის ტელეკომპანიის განვითარებითა და პოლულარიზაციით იყო დაინტერესებული:

 

“უშუალოდ მის მიერ და მისი დაფინანსებით შეიქმნა ტელეკომპანია “რუსთავი 2–ის” ახალი ლოგო, რომელმაც “რუსთავი 2–ს” მოუტანა დიდი წარმატება და რა თქმა უნდა გაზარდა მისი შემსავალი; ასევე უშუალოდ მისი დაფინანსებითა და მისი ავტორობით შეიქმნა “რუსთავი 2–ის” ახალი გადაცემები “ბოიარის სასახლე”, “უკანასკნელი გმირი” და “ჯეობარი”, რომელმაც ასევე მოუტანა ტელეკომპანიას დიდი წარმატება და გაზარდა კომპანიის შემოსავალიც. დასახელებული გარემოებები მოგეხსენებათ წარმოადგენს ქობარ ხალვაშის, როგორც “რუსთავი 2–ის” ლოგის ავტორად, ასევე გადაცემების ავტორად აღიარების სამართლებრივ საფუძვლებს “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე,”– აღნიშნულია ქიბარ ხალვაშის სარჩელში.

 

ასევე, სარჩელში აღნიშნულია, რომ როდესაც ქიბარ ხალვაშს იძულებითი წესით დაათმობინეს “რუსთავი 2–ის” წილები, სამაუწყებლო კომპანია ამ ლოგოთი კვლავ სარგებლობდა მიუხედავად იმისა, რომ მის ავტორს ქიბარ ხალვაში წარმოადგენდა. ასევე, სარჩელის თანახმად, ქიბარ ხალვაშზე “რუსთავი 2–ის” წილების იძულებითი დათმობის შემდგომაც ტელეკომპანიის ეთერით გადაიცემოდა ქიბარ ხალვაშის ავტორობით შექმნილი გადაცემები.

 

“დასახელებული ქმედებების შედეგად მოპასუხეები ღებულობდნენ უკანონოდ შემოსავალს, ვინაიდან როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, როგორც ლოგოს, ასევე გადაცემის ავტორს წარმოადგენდა ქიბარ ხალვაში და შესაბამისად შემოსავალი წარმოადგენდა მის კუთვნილებასაც ან/და მას, როგორც ავტორს, მათი სარგებლობსი შედეგად უნდა მისცემოდა შესაბამისი კომპენსაცია “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. დასახელებული ქმედებების შედეგად ქიბარ ხალვაშს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც წარმოადგენს 500 000 აშშ დოლარის ქევივალენტ ლარს,”– წერია სარჩელში.

ქიბარ ხალავშის სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მან, როგორც ფიზიკურმა პირმა  და მის მიერ დაარსებულმა კომპანიამ, შპს “პანორამამ”  შეიძინეს “რუსთავი 2–ის” წილები. სარჩელის თანახმად, 2004 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით “რუსთავი 2–ის” 60%–იანი წილის მესაკუთრე გახდა ქიბარ ხალვაში, ხოლო 40%–ის მესაკუთრე კი შპს პანორამა. 

 

ქიბარ ხალვაშის სარჩელის თანახმად, მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით წილები იმიტომ დაათმობინა, რომ არ მოსწონდა არხის  საინფორმაციო განყოფილების მუშაობის პოლიტიკა.

 

ქიბარ ხალვაში საკუთარ სარჩელში ითხოვს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აღიარონ “რუსთავი 2–ის” ლოგოს, გადაცემების “ბოიარდის სასახლეს”, “უკანასკნელი გმირის” და “ჯეობარის” ავტორად,  “რუსთავი 2–ს” ლოგოს უნებართვო გამოყენების შედეგად მიღებული ზიანის ანაზღაურება 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასვეე ითხოვს “რუსთავი 2–ის” მიერ ხალვაშისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. სარჩელში ნათქვამია, რომ “რუსთავი 2–მა” მოგების სახით ხალვაშის ავტორობით შექმნილი გადაცემების გადაცემის შედეგად ეს თანხა ტელეკომპანიამ მოგების სახით მიიღო და მისი ნაწილი ხალვაშისთვის უნდა გადაეცა.

 

გარდა ამისა, ხალვაში ითხოვს, რომ ბათილად იქნას ცნობილი 2005 და 2006 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებები “საქცემენტსა” (ამჟმინდელი “ჰაუდელბერგცემენ ჯორჯიას”) და “გეო ტრანსთან”, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა შპს “რუსთავი 2–ის” 100%–იანი წილი დათმო.  ხალვაშის სარჩელის თანახმად, ეს ხელშეკრულებები უნდა გაუქმდეს, როგორც იძულებითი და ამორალური გარიგებები. 

 

ხალვაში ასევე მოითხოვს, რომ “რუსთავი 2–ის” ამჟამინდელი მფლობელების, პარტნიორების ლევან ყარამანიშვილის 22%–ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%–ის. შპს “ტელეკომპანია საქართველოს” 51%–ის და ნინო ნიჟარაძის 9%–იანი წილების საკუთრება გაუქმდეს და “რუსთავი 2–ის” წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის 60% და შპს “პანორამას” 40%–იანი წილი იქნეს ცნობილი.

 

პარტნიორების წილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებად ხალვაშის სარჩელში სამოქალაქო კოდექსის 172–ე მუხლის პირველი ნაწილი არის დასახელებული: “მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.” ასევე, დასახელებულია ამავე კოდექსის 187–ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილები:

 

“1. შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.

 

2. მოძრავი ნივთების შემძენი ვერ იქნება კეთილსინდისიერი, თუ მესაკუთრემ ეს ნივთები დაკარგა, მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა თუ შემძენმა ისინი უსასყიდლოდ მიიღო.”

 

ხალვაშის სარჩელში მითითებულია მოთხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. კერძოდ, ის მოითხოვდა, რომ მოპასუხეებს “რუსთავი 2–ის” ლოგოს გამოყენება აკრძალვოდათ, დაედოთ ყადაღა “რუსთავი 2–ის” ანგარიშებისთვის, პარტნიორების წილებისთვის, უძრავი და მოძრავი ქონებისთვის. 

 

“ჩვენი სასარჩელო მოთხოვნების შინაარსიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ზემოთ დასახელებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება არუს აუცილებელი, ვინაიდან შემდგომში ჩვენს სასარგებლოდ მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არ გახდეს შეუძებელი,”– ნათქვამია სარჩელში.

რუსთავი 2
რუსთავი 2


სასამართლოს გადაწყვეტილება


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ ხალვაშის მოთხოვნა 5 აგვისტოს განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, გადაწყვეტილებით ყადაღა დაადო “რუსთავი 2–ის” პარტნიორების წილებს, უძრავ ქონებებს, მათ აეკრძალათ ქონების გასხვისება და გაქირავება. 

 

სასამარღლომ ხალვაშის მოთხოვნა არ დააკაყოფილა მხოლოდ ერთ ნაწილში, სადაც საქმე ეხებოდა “რუსთავი 2–ის” ლოგოს გამოყენების აკრძალვას. მოთხოვნა საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე კი თავად მოსარჩელეების თხოვნით განუხილველი დატოვა. 

 

მოსარჩელის მოთხოვნების აღსრულების მიზნებისთვის  პროცედურული ღონისძიებების, მათ შორის სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას ადამაინის უფლებათა ევროპული სასამართლო სასახლმწიფოს ვალდებულებად აცხადებს.

 

“საქმეში JGK STATYBA LTD AND GUSELNIKOVAS v. LITHUANIA სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ ყადაღის ბრძანება, რომელიც იყო დროებითი და პრევენციული ხასიათის, მიმართული იყო, რათა უზრუნველეყო მოსარჩელის სარჩელის აღსრულება. მისი მიზანი იყო აღმოეფხვრა ის რისკები, რომლებიც აფერხებდა, ან ხელს უშლიდა კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ სამართალწარმოების სათანადოდ განხორციელება. სახელმწიფოს ვალდებულება უზრუნველყოს სასამართლო სამარტალწარმოების სათანადოდ განხორციელება, მათ შორის, მოსარჩელის მოთხოვნებსი აღსრულება, ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. სასამართლო მიუთითებს, რომ ქონების დროებითი დაყადაღება შეესაბამება საზოგადოების ინტერესს, თუ ის მოწოდებულია უზრუნველყოს კრედიტორის დაკმაყოფილება. 

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა, როდესაც სახეზეა მისი გამოყენებისთვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები,  უზღუდავს მხარეს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას და ქმნის უფლების მხოლოდ დეკლარაციულ დონეზე აღიანრების საფრთხეს, რითაც საბოლოოდ ხელყოფს მართლმსაჯულების განხორციელების მიზნებს და არღვევს სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო დონეზე აღებულ სამართალწარმოების ეფექტურობის ვალდებულებას,”- ნათქვამია სასამართლოს განჩინებაში.

 

მოსამართლე განმარტავს, რომ მეწილეებს დავის საბოლოო განხილვამდე აეკრძალათ საზოგადოების სახელზე არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, პარტნიორებისა და დირექტორებისთვის წესდებაში ცვლილებების შეტანა და ა.შ იმიტომ, რომ წილზე ყადაღის შემთხვევაშიც კი, პარტნიორებს შეეძლოთ ამ ღონისძიებების გატარება:

 

“სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ღონისძიება წარმოადგენს მოსარჩელეთა უფლების დაცვის გარანტიას მოპასუხეების სავარაუდო ან შესაძლო არაკეთილსინდისიერი ქმედების შემთხვევაში, რაც შეიძლება გამოიხატოს მოპასუხეთა მიერ ზემოთ ჩამოთვლილ გადაწყვეტილებათა მიღებაში დავის სასამართლოში მიმდინარეობის დროსაც კი, რაც სასამარღლო გადაწყვეტილების აღსრულებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს ან შეუძლებელს გახდის,”- წერია განჩინებაში.

 

მოსამართლე ასევე მიუთითებს, თუ რატომ ეთქვა ქიბარ ხალვაშს უარი ლოგოს გამოყენების აკრძალვის მოთხოვნის ნაწილში:

 

“სასამართლო განმარტავს, რომ მედიის როლი განუზომელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ყოველი გადაწყვეტილება, რამაც შეიძლება შეაფერხოს მედიასაშუალებსი ფუნქციონირება, უნდა იყოს მიღებული განსაკუთრებული სიფრთხილით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული უზრუველყოფის საშუალება არის გონივრული და სამართლიანი, ხოლო მაუწყებელი კომპანიისთვის ლოგის გამოყენების აკრძალვა ცალსახად შეუშლის ხელს მის საქმიანობას,”- აღნიშნულია სასამართლოს განჩინებაში.

 

“რუსთავი 2-ის” საჩივარი

 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება ქიბარ ხალვაშის სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ “რუსთავი 2-ის” იურისტებმა 13 აგვისტოს გაასაჩივრეს. “რუსთავი 2” ამ განჩინების გაუქმებას ითხოვს. 

 

 “რუსთავი 2” მოსამართლის განჩინებას დაუსაბუთებელს უწოდებს. საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლოს არ გამოურკვევია, არსებობდა თუ არა მოპასუხის მიერ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი ქონების გასხვისებისა ან მისი ღირებულების შემცირების რეალური საფრთხე და რა იყო ის გარემოება, რაც მას შეუქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს ქონების შესაძლო გასხვისებისა თუ სხვაგვარი ქმედებით/გარიგებით მისი მსყიდველობითუნარიანობის შემცირების შესახებ.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ ასევე დაუსაბუთებელი და შეუსაბამოა განჩინება მოძრავ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის საშუალების ნაწილშიც. საჩივრის თანახმად, მოსამართლის განჩინებასი სამართლებრივი ნაწილის გარდა, შონაარსობრივი ფორმულირებაც კი შეუსაბამოა სამართლებრივ ტერმინებთან:

 

შუამდგომლობიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და ელემენტარული გააზრების გარეშე მოსარჩელის არაკომპეტენტური ფორმულირების – „გასხვისების (გაქირავების ჩათვლით)“ გადმოტანა, განჩინების დაუსაბუთებლობაზე და სულ მცირე საკითხისადმი გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. სასამართლო არც კი შეეცადა გამოეკვლია, თუ რა შედეგს იწვევს კომპანიისთვის ამგვარი შეზღუდვების დაწესება (გაურკვეველი ვადით, შესაძლოა რამდენიმე წლითაც კი) და რა საფრთხე შეიძლება შეექმნას დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას,”- წერია “რუსთავი 2-ის” საჩივარში.

 

გარდა ამისა, საჩივარში საუბარია იმ ზიანზეც, რომელსაც “რუსთავი 2” უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების შედეგად მიიღებს და “სასამართლოს მცდელობა ღირებულება შეუნარჩუნოს კომპანიას, გამოიწვევს საწინააღმდეგო შედეგს – კომპანიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩაყენებასა და საბოლოოდ, მის ფუნქციონირების შეწყვეტას”.

 

კერძოდ, საჩივარში აღნიშნულია, რომ “რუსთავი 2-ისთვის” ზაფხულის თვეები დაბალი სარეკლამო აქტივობის პერიოდია და საოპერაციო შემოსავალი მცირდება; სექტემბერი და ოქტომბერი კი მაღალდანახარჯიანი თვეებია, რაც განპირობებულია ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებით. ამიტომაც, ადვოკატები აცხადებენ, რომ აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში ტელევიზიას ფულადი სახსრების ლიკვიდურობის პრობლემა, რასაც მოკლევადიანი ფინანსური ვალდებულებების აღებით აბალანსებდა. განჩინების თანახმად, ტელევიზია ფინანსურ ვალდებულებებს ვეღარ აიღებს, რაც, როგორც საჩივარშია აღნიშნული, “რუსთავი 2-ს” უმძიმეს დარტყმას მიაყენებს:

 

“კომპანიას არ ექნება შესაძლებლობა მოემზადოს მომავალი სეზონისთვის – შექმნას ახალი დეკორაცია ახალი გადაცემებისთვის; ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით მოახდინოს ახალი ტექნიკის ყიდვა (კამერები, სამონტაჟოები და ა.შ); აუცილებლად დადგება ხელფასის დროულად გაცემის პრობლემა. ზემოაღნიშნული შეზღუდვა მოიცავს აგრეთვე ზოგადად საოპერაციო საქმიანობიდან გამომდინარე ასაღებ ვალდებულებას, მაგ. სატელევიზიო ეთერისთვის არამატერიალური აქტივების შეძენა (ფილმები, სერიალები და ა.შ), უცხოური და ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოებიდან ინფორმაციის მიღება, თანამგზავრის მომსახურებით სარგებლობა და სხვა. ყოველივე აღნიშნული არა თუ უმძიმეს დარტყმას მიაყენებს ტელევიზიის ფუნქციონირებას, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით შეაჩერებს მაუწყებლობას,”- წერია საჩივარში.

 

გარდა ამისა, საჩივრის თანახმად, ტელეკომპანიას მოაკლდება თანხებიც, რომლებსაც სტუდიებისა და აპარატურის გაქირავებიდან იღებს. ასევე, საჩივარში აღნიშნულია, რომ ლარის დევალვაციის გამო სულ უფრო მეტი კომპანია ახდენს მარკეტინგისა და სარეკლამო განთავსების ბიუჯეტების შემცირებას; ამიტომაც, რუსთავი2-ში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ხარჯების შემცირებისა და სტრუქტურული ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა, სასამართლოს განჩინება კომპანიისთვის სტრუქტურული რეორგანიზების შესაძლებლობის შეზღუდვასაც ითვალისწინებს. 

 

ტელეკომპანიის საჩივარში ნათქვამია, რომ დაუშვებელი იყო მოპასუხის მიმართ იმაზე უფრო მკაცრი შეზღუდვის დაწესება, ვიდრე ამის აუცილებლობა არსებობდა.

 

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ სახეზე იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ლეგიტიმური საფუძველი, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო თანაზომიერების პრინციპზე დაყდნობით, კერძოდ, მას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გამოეყენებინა სადავო უძრავი თანხის, 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტურ ქონებაზე და არა 40-ჯერ მეტი ღირებულების მქონე ქონებაზე. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის 2014 წლის პერიოდის ანგარიშის აუდიტორული დასკვნის მიხედვით, საწარმოს საკუთრებაში არსებული აქტივების ღირებულება შეადგენს 38 983 431 ლარს,”- აღნიშნულია “რუსთავი 2-ის” საჩივარში.

 

საჩივარში ასევე წერია, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებებს, არამედ პოზიტიურ ვალდებულებებს, რაც გულისხმობს იმას, რომ უფლების სუბიექტი დაცული უნდა იყოს სხვათა მიერ უფლების დარღვევისგან. 

 

“სასამართლოს რომ ემსჯელა ერთი მხრივ მედიის თავისუფლების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებათა საჯარო აღმატებულ ინტერესებზე, რომელთა შეზღუდვასაც გარდაუვლად იწვევს უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათ მიმართებაზე მოსარჩელის მიერ მითითებულ ვითომდა შელახულ საკუთრების უფლებასთან, ნათლად დაინახავდა, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო ინტერესები იმდენად აღემატება კერძო – ვითომდა შელახულ ინტერესებს, რომ შეუძლებელი იქნებოდა გასაჩივრებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება,”- ნათქვამია “რუსთავი 2-ის” საჩივარში.

 

 

“რუსთავი 2–ის” ხელმძღვანელობა 13 აგვისტოს დიპლომატიური კორპუსისა და NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა. ტელეკმპანიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დიპლომატიურ კორპუსს მათ მოაწოდეს რეალური სურათი იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს რუსთავი 2–ის გარშემო მიმდინარეობს

 

“ჩვენ მივიღეთ პირობა მათგან, რომ ისინი მკაცრ მონიტორინგს გაუწევენ ამ პროცესებს,”– ამბობს ზაალ უდუმაშვილი. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი