ახალი ამბები

მერიის ცნობით, ვერეს ხეობაში მეწყრის შედეგად დარჩენილი ხე-ტყის გაწმენდა დაიწყება

13 აგვისტო, 2015 • • 2005
მერიის ცნობით, ვერეს ხეობაში მეწყრის შედეგად დარჩენილი ხე-ტყის გაწმენდა დაიწყება

„დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს, რათა შემოდგომის მასიური წვიმების დროს არ მივიღოთ კატასტროფული მდგომარეობა, ისევ არ ჩამოწვეს მეწყერი, არ გადაიკეტოს გზები და არ მოხდეს წყლის დაგუბება. ჩვენ მომდევნო კვირისთვის უკვე გვექნება წინა საპროექტო გადაწყვეტილება, დასკვნა, რომელიც არის წარმოდგენილი გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ. ამ დასკვნის საფუძველზე გავაკეთებთ დაინტერესებული კომპანიების მოწვევას და რომელიც ყველაზე საუკეთესო პირობებს შემოგვთავაზებს, მასთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე დავიწყებთ ინტენსიურ სამუშაოებს. ეს არის წყნეთი-სამადლოს გზის ტერიტორია, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ეს არის წყნეთიდან ქვევით ჩამავალი გზა, სადაც უნდა მოხდეს გაწმენდითი სამუშაოები, უნდა დამუშავდეს ხე-ტყე , რომელიც არის დაძრული და გაჩერებული, ასევე ამ პროცესების შედეგად ხელოვნურად წარმოშობილი ტბა უნდა დავაშროთ, გადასატანია მაღალი ძაბვის ბოძი,  შედეგად  ეს ტერიტორია გახდება გაცილებით უსაფრთხო“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ამ დროისთვის ანგარიშზე არსებული 2,7 მლნ ლარი თბილისის მერიის ბიუჯეტში უახლოეს დღეებში გადაირიცხება.

 

“რამდენიმე დონორთან ვმუშაობთ, რათა მოვიზიდოთ დამატებითი ინფრასტრუქტურული დაფინანსება, რომელიც მოხმარდება როგორც თბილისში გზების რეაბილიტაციას, ასევე კონკრეტულად ამ მონაკვეთს, რომელზეც მდგომარეობა საკმაოდ   მძიმეა”,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 

თბილისის ზოოპარკი 13 ივნისის სტიიქიის შემდეგ; 15.06.15. ფოტო: გუკი გიუნაშვილი
თბილისის ზოოპარკი 13 ივნისის სტიიქიის შემდეგ; 15.06.15. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

თბილისის მერიის ცნობით, კომისიის სხდომაზე განიხილეს ახალი ტერიტორიების განსაზღვრა, რომლის ფარგლებშიც არსებული დანგრეული და დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მფლობელები მიჩნეულ იქნებიან დაზარალებულ პირებად.

 

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობისთვის ზიანის ანაზღაურების პროცესი და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები, ახლა კი პრიორიტეტი უკვე დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდვითი სამუშაოებია.

 

მერიის ინფორმაციით, სხდომაზე სტიქიასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ანგარიშსაც მოუსმინეს. კომისიის წევრებმა სტიქიური უბედურების ზონის დადგენის მიზნით ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებითაც იმსჯელეს.

13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია 19
ივნისს შეიქმნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი