ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„ურთიერთობებში აღმასვლაა“ – პუტინმა ბიბილოვი მოსკოვში მიიღო

13 მარტი, 2020 • 1599
„ურთიერთობებში აღმასვლაა“ – პუტინმა ბიბილოვი მოსკოვში მიიღო

13 მარტს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

კრემლის საიტზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, პუტინმა განაცხადა, რომ „ურთიერთობებში აღმავლობაა“, „გასულ წელს აღრიცხული იქნა ზრდა ვაჭრობის სფეროში“ და ჯამში 4.2 მილიარდი რუბლის (დაახლოებით 160 მლნ ლარი) ინვესტიცია განხორციელდა.

პასუხად, კრემლის საიტის თანახმადვე, ბიბილოვმა პუტინს მადლობა გადაუხადა, მოკლედ მიმოიხილა მათი წინა წლის ურთიერთობა და ბოლოს განაცხადა:

„ვიყენებ შესაძლებლობას და მსურს, მოგილოცოთ: დღეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ-ს) დაარსების დღეა. ნება მომეცით, მოგილოცოთ. თქვენ [კგბ-ს] თქვენი ცხოვრება მიუძღვენით და, რაღა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გააკეთეთ“.

საქართველოს და საერთაშორისო სამართლის თანახმად, სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის სამხრედრო ოკუპაციაშია, რაც ფორმალურად 2008 წელს გაფორმდა, აგვისტოს ომის შემდეგ.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო ანგარიშის თანახმად, სამხრეთ ოსეთი მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალ ადგილად რჩება.

საქართველო და მისი პარტნიორები, ასევე, ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციაციები ხშირად მიუთითებენ სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის ახალგორის რაიონში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროებაზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და დაკავებულების არაადამიანურ მოპყრობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი