ახალი ამბები

რა ელის აუტიზმის პროგრამის თერაპევტების მარტის ხელფასს

13 მარტი, 2020 • 2281
რა ელის აუტიზმის პროგრამის თერაპევტების მარტის ხელფასს

“აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების აბილიტაციის” პროგრამაში ჩართულმა თერაპევტებმა, შესაძლოა, მარტში ხელფასი ვერ აიღონ. თბილისის მერიის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში პირველ აპრილამდე შეწყვეტილ სეანსებზე ანაზღაურებას მას შემდეგ გასცემს, რაც სპეციალური ცენტრები მუშაობას განაახლებენ.

მერიაში აღნიშნავენ, რომ უწყება ყველა გაცდენილ საათს დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად დააფინანსებს მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგიური სიტაუაცია ქვეყანაში გაუმჯობესდება და ბავშვები მომსახურებას მიიღებენ:

“ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ, როდესაც სარეაბილიტაციო ცენტრები მუშაობის განახლებას შეძლებენ და შესაბამისად, ბავშვები მომსახურებას მიიღებენ, დედაქალაქის მერია ყველა გაცდენილ საათს აანაზღაურებს. ბავშვები არ დაზარალდებიან და მათი თერაპიული სეანსები მიმწოდებელი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად დაფინანსდება” – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

რაც შეეხება ამ დაწესებულებებში დასაქმულ პირთა შრომის ანაზღაურებას, მერიაში ამბობენ, რომ პროგრამის მომსახურებაში ჩართული დაწესებულებები მერიის მიერ დაფუძნებული არ არის და ისინი დამოუკიდებელი იურიდიული პირები არიან. აღნიშნული ცენტრები, თბილისის მერიის გარდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს პროგრამების ფარგლებში, ასევე, შიდა სტანდარტით, ე.წ. კერძო მომსახურებას ეწევიან.

შესაბამისად, მერიის თქმით, ცენტრების თანამშრომლები შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის ხელმძღვანელებთან აფორმებენ და ისინი არ არიან თბილისის მერიის მიერ დასაქმებული პირები რის გამოც, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისის მერიას შეუძლია, მხოლოდ რეკომენდაცია გასცეს აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელების მიმართ, რომ თანამშრომლები არაანაზღაურებად შვებულებაში არ გაუშვან.

რა საფრთხეს ხედავენ მშობლები

პროგრამაში ჩართული ბავშვების მშობლები შიშობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მარტის განმავლობაში ცენტრები სახელმწიფოსგან დაფინანსებას შეწყეტილი სეანსების გამო ვერ მიიღებენ, ბევრი მათგანი დაიხურება, რადგან ქირისა და სხვა ხარჯების დაფარვას ვერ შეძლებენ და შესაბამისად, დაიხურებიან:

“სანამ ეს კორონავირუსი ჩაივლის და ცენტრები განაახლებენ ბავშვების მომსახურებას, თერაპევტები რჩებიან ხელფასის გარეშე (წარმოიდგინეთ ადამიანის არსებობა 1 თვე ხელფასის გარეშე). გარდა ამისა, ზოგი ცენტრი იმდენადაა დამოკიდებული მერიაზე, რომ მერიის მიერ ჩარიცხული თანხით იხდის ქირის ფულს და შესაძლოა, ვეღარც შეძლონ არსებობა. ცენტრებში ისედაც არ არის საკმარისი ადგილები და ბავშვები წლობით ელოდებიან მომსახურების მიღებას და ეს აწყობილი სისტემა რომ ჩამოინგრეს, მე მგონი, არავის გვინდა” – ამბობს პროგრამით მოსარგებლე ბავშვის დედა მარი კორკოტაძე.

კორკოტაძის თქმით, თუ მერია მხოლოდ მაშინ ჩაურიცხავს ცენტრებს თანხას, როცა თერაპევტები აანაზღაურებენ გაცდენილ თერაპიულ სეანსებს, მივიღებთ შემდეგ სურათს: იმის გამო, რომ თერაპევტებმა შეძლონ არსებობა (ხელფასის აღება), ცენტრები არ გამოაცხადებენ არდადაგებს და მშობლებიც იძულებულები იქნებიან, ბავშვები ცენტრში ატარონ, რაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ დააყენებს აუტისტი ბავშვების ჯანმრთელობას.

კორკოტაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მშობლები ბავშვებს ცენტრში არ ატარებენ, ისინი ამოვარდებიან აუტიზმის პროგრამიდან:

“მე, პირადად, ვერ ვატარებ ჩემ შვილს ცენტრში და ვერ დავაყენებ მას საფრთხის წინაშე. ამავდროულად, არ დავუშვებ, რომ ის პროგრამიდან ამორიცხონ”, – ამბობს კორკოტაძე.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავლი ამ სიტუაციიდან ის იქნება, თუ მერია ცენტრებს დაფინანსებას წინსწრებით გადასცემს, გაცდენილ სეანსებს კი მოგვიანებით, ცენტრების გახსნის შემდეგ ჩაატარებს:

“თუკი მერია ცენტრებს თანხას ჩვეულებრივ ჩაურიცხავს მარტში, ეს იმას ნიშნავს, რომ თერაპევტები აიღებენ მარტის თვის ხელფასს. რამდენიმე ცენტრის ხელმძღვანელთან უკვე მქონდა საუბარი და ისინი პირობას დებენ, რომ საათების ანაზღაურება აუცილებლად მოხდება, რასაც მშობლებიც დავადასტურებით ჩვენი ხელმოწერით” – ამბობს კორკოტაძე.

აღნიშულ საკითხზე “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა დედაქალაქის მერიას და ჰკითხა, გნაიხილებოდა თუ არა დაფინანსების წინასწარ გაცემის საკითხი, რაზეც მერიაში გვითხრეს, რომ ისინი თანხას ბენეფიციარ ბავშვებზე გაწეული სერვისების შესაბამისად გასცემენ.

მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ის ინფორმაცია შეუძლიათ მოგვაწოდონ, რაც მათ მიერ 13 მარტს გავრცელებულ განცხადებაშია მოყვანილი და გაცდენილი სეანსების დაფინანსებას სერვისის აღდგენის შემდეგ გაცემას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი