ახალი ამბები

ხარაგაულიდან ქალი, რომელმაც თვითიზოლაცია დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს

13 მარტი, 2020 • 1288
ხარაგაულიდან ქალი, რომელმაც თვითიზოლაცია დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს

იტალიიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულევში  დაბრუნებული ქალი, რომელმაც თვითიზოლაციის პირობები დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამსახური. სამსახურის ხელმძღვანელის, შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, ქალს ვირუსის სიმპტომები ამ დრომდე არ ჰქონია და არც ახლა აღენიშნება.

იტალიიდან ჩამოსული ქალის ოჯახის წევრები, რომლებსაც მასთან კომუნიკაცია ჰქონდათ, თვითიზოლაციაში დარჩებიან და მათი ჯამრთელობის მდგომარეობას ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გააკონტროლებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულევში 10 მარტს იტალიიდან ქალი ქმრის გარდაცვალების გამო დაბრუნდა. სამძიმარზე მეზობლებიც მივიდნენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ორმა სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა.  გამოიკვლევენ თუ არა მეზობლების ჯანმრთელობის მდგომარეობას ან მოსთხოვენ თუ არა მათ თვითიზოლაციაში დარჩენას, ამის შესახებ შმაგი ხიჯიკაძემ  ჯერჯერობით არ იცის.

დღეს დილით, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალის გამო მოსახლეობა სოფელ ხულევს ტოვებს, „ბათუმელები“ დაუკავშირდა იტალიიდან დაბრუნებული ქალის შვილს, რომელიც ახლაც დედასთან ერთად იმყოფება სოფელში. მან გვითხრა, რომ დედამისი იტალიაში 2 მარტს წავიდა სამუშაოდ, 6 მარტს კი ქალის მეუღლე გარდაიცვალა, რის გამოც იგი უკან დაბრუნდა. ქალი საქართველოში 10 მარტს თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა, სადაც, მისი შვილის ინფორმაციით, დაავადებათა ეროვნული ცენტრის კონტროლის ჯგუფმა შეამოწმა:

„თვითმფრინავის ჩამოსვლის შემდეგ სამი საათი ველოდი დედას. ამის შემდეგ მითხრეს, რომ დედა გადაყვანილი იყო კვლევაზე და კიდევ დიდხანს მომიწევდა ლოდინი. ხუთ საათზე დამირეკეს, რომ ყველაფერი დასრულებული იყო. არავის გავუფრთხილებივართ, რომ საჭირო იყო თვითიზოლაცია, მეც ჩვეულებრივად მაქვს კონტაქტი მასთან. ეს ინფორმაცია აქვს მთავრობასაც, ყველა ინფორმაცია აქვთ მათ და გადაამოწმეთ. რაც შეეხება მეზობლებს, დედის ჩამოსვლის შემდეგ, ძირითადად, არ მოსულან. მაინც შეეშინდათ და მოერიდნენ“.

იმის გასარკვევად, ნამდვილად თუ ჩაუტარდა  ქალს შესაბამისი გამოკვლევა აეროპორტში,  დავუკავშირდით როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ისე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მაგრამ აქ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/259896/

მასალების გადაბეჭდვის წესი