ნეტგაზეთი | „ბოსელს ბოლო 11 წელია სახლად ვიყენებთ“ – პენსიონერ ცოლ-ქმარს აქედანაც ასახლებენ „ბოსელს ბოლო 11 წელია სახლად ვიყენებთ“ – პენსიონერ ცოლ-ქმარს აქედანაც ასახლებენ – Netgazeti

„ბოსელს ბოლო 11 წელია სახლად ვიყენებთ“ – პენსიონერ ცოლ-ქმარს აქედანაც ასახლებენ

„..თუ არ მეკუთვნოდა, ამდენი წელი რატომ მაცხოვრეს? სად იყო სახელმწიფო მაშინ, როცა აქ ბოსელი მქონდა, მერე სახლად მოვაწყვე და 11 წელია ვცხოვრობ? ახლა სად წავიდე, როცა მე და ჩემი ქმარიც პენსიონერები ვართ?“ – კითხულობს ბათუმში, ინასარიძის 11-ში მცხოვრები ვარდო აბაშიძე. ის დღე-დღეზე გამოსახლებას ელის. აღსრულების ბიუროს ოფიციალური წერილის ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა უკვე გავიდა.

ვარდო და მიხეილ აბაშიძეების სახლს ინასარიძის ქუჩაზე, მე-14 საჯარო სკოლის უკან ნახავთ. სკოლისგან დაშორებით მდებარე პატარა სახლთან მისვლამდე ყვავილების პატარა ბაღიც შეგხვდებათ… სახლის გვერდით პატარა მიწის ნაკვეთი უკვე დამუშავებულია. მიხეილ აბაშიძე სახლში არ დაგვხვდა. ექიმთან წავიდა ამ დილითო, ვარდო აბაშიძემ გვითხრა, ვიდრე მის სახლში შევიდოდით. სახლში მხოლოდ ერთი ოთახია, რომელსაც ხანდაზმული წყვილი საძინებლად და მისაღებად იყენებს. აქვეა შესასვლელში მოწყობილი პატარა სამზარეულოც.

მიწის ნაკვეთი, სადაც ვარდო და მიხეილ აბაშიძეების პატარა სახლია, სახელმწიფოს ეკუთვნის და იგი წლების წინ ქონების მართვის სააგენტომ მე-14 საჯარო სკოლას სარგებლობის უფლებით გადასცა. სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო დავა მოქალაქემ წააგო.

„ჩვენ აქ ვმუშაობდით წლების განმავლობაში სარძევე მეურნეობაში, მაშინ აქაურობა ხელვაჩაურს ეკუთვნოდა,“ – გვიყვება ვარდო აბაშიძე. – „როგორც მეურნეობის თანამშრომელს, ინასარიძის ქუჩაზე ბინაც მომცეს, ამ ტერიტორიაზე კი, ეკალბარდი იყო, გავწმინდე და ბოსელი გავაკეთე 1990 წელს… მერე ეს ადგილი  ბათუმის რომ გახდა, ძროხების ყოლა მოგვიშალეს, გავყიდეთ საქონელი, ჩემს ბინაში ორი შვილი თავიანთი ოჯახებით ერთად ცხოვრობდნენ, ჩვენი დასაწოლი ადგილი აღარ გვქონდა და ეს ბოსელი მოვაწყვეთ სახლად. შვილებთან ურთიერთობა აღარ გვაქვს… 2009 წლიდან დღემდე აქ ვცხოვრობთ, პენსიით გაგვაქვს თავი და კიდევ პატარა ბოსტანი მაქვს,“ – ამბობს ვარდო.

ოჯახს მოლოდინი ჰქონდა, რომ 30 წლის წინ თვითნებურად დაკავებულ მიწას და იქ აშენებულ სახლს სხვების მსგავსად დაუკანონებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ვარდო და მიხეილ აბაშიძეებს საკუთრების აღიარებაზე უარი ჯერ ხელვაჩაურის, შემდეგ კი, ბათუმის მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ უთხრა.

ვარდო და მიხეილ აბაშიძეებს სამართლებრივი მხარდაჭერის პრობლემაც ჰქონდათ. მათ ვერ დაუდასტურეს კომისიებს და შემდეგ სასამართლოს, რომ 2009 წლამდე ოჯახს ბოსელი ჰქონდა და წლების განმავლობაში მას იყენებდნენ.

„…რეალურად ამის დადასტურება იყო შესაძლებელი, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა, მაშინ  მე მათ უფლებებს არ ვიცავდი. შემდეგ სასამართლოს საჯარო სკოლამ მიმართა. სკოლის არგუმენტი იყო ის, რომ ეს ადგილი რეალურად სჭირდებოდა და მას უნდა გადასცემოდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იურისტი თამარ გუნდაძე, რომელიც აბაშიძეების ინტერესებს იცავს.

იურისტი და ვარდო აბაშიძეც ფიქრობენ, რომ სახელმწიფო რეალურად სკოლას „ეფარება“ და ამ მიწაზეც მაღლივი კორპუსების აშენებას გეგმავენ. ირგვლივ, სკოლის წინ ან გვერდით ასეთი კორპუსებია აშენებული.

„…აჰა, შეხედეთ რამდენი ახალი კორპუსია,“ – ხელით მიგვანიშნებს ვარდო აბაშიძე მისი პატარა სახლის და ასევე საჯარო სკოლის შენობის გარშემო არსებულ ახალ საცხოვრებელ კორპუსებზე. – „ეს ადგილებიც ადრე სკოლის ტერიტორია იყო და ჩამოაჭრეს… ჩემი ადგილი კი, სადაც ბოსელი მოვაწყვე, არავის ეკუთვნოდა, ეკალბარდი გავწმინდე და დღემდე ვმუშაობ. რადგან გლეხი ვარ, ამიტომ არავინ უნდა დაიცვას ჩემი უფლება? მე კანონის არაფერი ვიცი, მშრომელი ადამიანი ვარ,“ – გულისწყრომას ვერ მალავს ვარდო აბაშიძე.

მოქალაქე შერჩევით სამართალზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, არ შეიძლება თვითნებურად შესახლებულების ნაწილს ქონება დაუკანონო, ნაწილის კი მოწყობილი საცხოვრებელი დაუნგრიონ და ქუჩაში დატოვონ. ვარდო აბაშიძე ასევე მიიჩნევს, რომ მას გამოსახლებას სწორედ იმიტომ უბედავენ, რომ ის მარტოა და მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას არავინ მოაწყობს.

„მომცენ თავშესაფარი და წავალ, ამათი არაფერი მინდა, წასასვლელი არსად მაქვს,“ – ასრულებს საუბარს ვარდო აბაშიძე.

 

ვარდო აბაშიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი