ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი: თბილისის მიერ მომზადებული ანგარიში უკიდურესად არაობიექტურია

12 აგვისტო, 2015 • • 1099
სოხუმი: თბილისის მიერ მომზადებული ანგარიში უკიდურესად არაობიექტურია

“მოცემული ანგარიში არ ასახავს რეალობას და უკიდურესად არაობიექტურია და მოწოდებულია იმისთვის რომ საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ეს პოლიტიზირებული დოკუმენტი ჟენევის დისკუსიების სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოდის და შეუძლია მხარეებისა და საერთაშორისო შუამავლების მრავალწლიან ძალისხმევას ზიანი მიაყენოს”, – ნათქვამია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურებაში. 


სოხუმის საპასუხო განცხადებაში რამდენიმე საკითხზეა გამახვილებული ყურადღება. ეს ის საკითხებია, რაც აფხაზური მხარე ყველაზე არასწორს უწოდებს.


“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია რომ თითქოს აფხაზეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს კონფლიქტი და კონფლიქტის მხარეები საქართველო და რუსეთია”.  

 

“აფხაზეთი, როგორც ოკუპირებული ტერიტორიაა მოხსენიებული, რაც რეალობას არ შეესაბამება და მისი პოლიტიკური მიზანია აფხაზეთსა და რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობას ნეგატიური იმიჯი შეუქმნას”.

 

“საუბარი 430 ათასი დევნილზე, არასწორია. ეს რიცხვი გაბერილია.1989 წლის აღწერით, აფხაზეთის მოსახლეობა 525 ათასი ადამიანი იყო, მათ შორის 240 ათასი ეთნიკური ქართველი. გარდა ამისა, 60 ათასი ადამიანი გალის რაიონში დაბრუნდა”. 

 

“სიცურეა გალის რაიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საუბარი. ეს მოგონილია”.

“რაც შეეხება საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ენგურზე, გალელებისთვის ეს ძალიან მარტივი პროცედურაა. აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პროცესის გამარტივებას ცდილობს. გალის რაიონის მცხოვრებლებს საბჭოთა კავშირის პასპორტითაც კი შეუძლიათ მისი გადაკვეთა”. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ “ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მეორე ყოველკვარტალური ანგარიში” გამოქვეყნდა. ანგარიში 2015 წლის აპრილი-ივნისი პერიოდს მოიცავს. 

ანგარიში ინგლისურ ენაზეა მომზადებული და როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მისი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის, იქნება ეს სახელმწიფოები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, რათა გაგრძელდეს და გაძლიერდეს საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მიმდინარე დარკვევებზე.

 

“აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ხდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება ადამიანების წამებასა და არასათანადოდ მოპყრობაში და უკანონო დაკავებაში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილების უფლება, მასიურად დარღვეულია საკუთრების უფლება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებამ აღნიშნული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა”, – ნათქვამია ანგარიშში. 

 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   

მასალების გადაბეჭდვის წესი