ახალი ამბები

გამყრელიძე ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდებს, დეფიციტით არ ისარგებლონ

12 მარტი, 2020 • 1395
გამყრელიძე ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდებს, დეფიციტით არ ისარგებლონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდებს, არ ისარგებლონ შექმნილი დეფიციტით და ხელი შეუწყონ კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო მედიკამენტურ და სამედიცინო საშუალებებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას.

მისი თქმით, პანდემიამ და ინფექციამ არ იცის კერძო და სახელმწიფო სექტორი, ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ.

“ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ ძლიერ კერძო სექტორს, როგორც ჰოსპიტალურს და ამბულატორიულს, ისე ფარმაცევტულს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კერძო სექტორი – არ ვისარგებლოთ ახლა ამ მდგომარეობით, როცა მთელს მსოფლიოში დეფიციტია გარკვეული სახარჯი მასალების, დამცველი საშუალებების და ა.შ. ასევე, შეიძლება დეფიციტი იყოს გლობალურად წამლებისაც. არ ვისარგებლოთ ამით და ვიყოთ სოლიდარული და ხელი შევუწყოთ, რომ მოსახლეობას მეტი ფინანსური ხელმისაწვდომობა ჰქონდეს მედიკამენტურ თუ სამედიცინო საშუალებებზე, რომელიც საჭიროა ამ ინფექციასთან ბრძოლისთვის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე მიმართა ჰოსპიტალებს, რომ გაუდებელი სიტუაციების დროს მზადყოფნის გეგმები და მარაგები იქონიონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი