ახალი ამბები

რას ითვალისწინებს კანონით საგანგებო მდგომარეობა?

21 მარტი, 2020 • 4259
რას ითვალისწინებს კანონით საგანგებო მდგომარეობა?

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო საქართველოში 1-თვიანი საგანგებო მდგომარეობა ცხადდება და 21 აპრილამდე გაგრძელდება.

რას ითვალისწინებს ზოგადად საგანგებო მდგომარეობა?

საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც ცხადდება მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. პრეზიდენტის ბრძანება საგანგებო მდგომარეობის შესახებ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თავდაცვის ძალებიც.

საგანგებო მდგომარეობის დროს პრეზიდენტი გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომელიც ზღუდავს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემდეგ მუხლებში ჩამოთვლილ უფლებებს:

  • ადამიანის თავისუფლება
  • მიმოსვლის თავისუფლება
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები
  • აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები
  • სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები
  • საკუთრების უფლება
  • შეკრების თავისუფლება
  • შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება

ამასთან, ზემოაღნიშნული უფლებები შეიძლება შეუზღუდოს სხვა შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვის გარეშე. (მაგალითად, დაგაკავონ სასამართლოს ნებართვის გარეშე, არ განგიმარტონ უფლებები და სხვა).

საგანგებო მდგომარეობის დროს, გარემოებების შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს შეუძლიათ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით  განახორციელონ შემდეგი ღონისძიებები:

  1. გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგისა და იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის საქმიანობას და მეურნეობის ფუნქციონირებას;
  2. დროებით გაასახლონ მოქალაქეები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან; ამასთან, აუცილებლად მისცენ სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომები;
  3. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი;
  4. აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდონ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე. საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევნი, რომლებიც არ არიან მოცემული ადგილის მცხოვრებნი, გააძევონ საკუთარი ხარჯით თავიანთ მუდმივ ადგილსამყოფელში ან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებს გარეთ;
  5. დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ტყვია-წამალი, ხოლო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, აგრეთვე, სასწავლო-სამხედრო ტექნიკა, ფეთქებადი, რადიოაქტიული ნივთიერებანი და მასალები, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებანი;
  6. აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა;
  7. შეიტანონ ცვლილებანი სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში, აგრეთვე გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები, დააწესონ სახელმწიფო და კერძო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი;
  8. დროებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში, გადააყენონ თანამდებობიდან სტრატეგიული და მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დანიშნონ მათი შემცვლელი პირები; დროებით აკრძალონ ასეთ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მუშა-მოსამსახურეთა სამუშაოდან საკუთარი სურვილით გათავისუფლება, საპატიო მიზეზით დათხოვნის გარდა;
  9. კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენონ სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რესურსები საგანგებო ვითარების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის; იმავე მიზნით ისარგებლონ სხვა იურიდიული, აგრეთვე ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებითა და მატერიალური საშუალებებით მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რომელიც გაიცემა საგანგებო მდგომარეობის დამთავრების შემდეგ;
  10. აკრძალონ გაფიცვების მოწყობა;
  11. ჩააბან შრომისუნარიანი მოქალაქეები საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში, შრომის საშუალო ანაზღაურებით, აგრეთვე საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში, ამასთან, უზრუნველყონ მათი შრომის უსაფრთხოება;
  12. შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით, აგრეთვე სპირტიანი სასმელებითა და სპირტის შემცველი ნივთიერებებით ვაჭრობა, აკრძალონ უნებართვოდ სამხედრო ფორმისა და ეკიპირების საგნების ტარება;
  13. შემოიღონ კარანტინი და განახორციელონ სხვა სავალდებულო სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებები;
  14. კანონმდებლობის შესაბამისად, კონტროლი დააწესონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;
  15. შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები;
  16. შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გასინჯონ ისინი;
  17. შემოიღონ კომენდანტის საათი;
  18. არ დაუშვან საქართველოს კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი მოქალაქეთა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა და საქმიანობა;
  19. შეამოწმონ დოკუმენტები მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას, მოაწყონ მოქალაქეთა პირადი გასინჯვა, მათი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება.

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდისათვის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, მუშა-მოსამსახურეები, მათ დაუკითხავად, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოზე, რომელიც არ არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და გაუქმების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

საგანგებო ამდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა შეჩერდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე. ასევე, არ ტარდება საყოველთაო არჩევნები.

რა უფლებები შეიზღუდება 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომაროებით?

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი კონსტიტუციით განსაზღვრული კონკრეტული უფლებების შეზღუდვის შესახებ ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩამოთვალა ის შეზღუდვები, რაც 21 აპრილამდე შემოღებული საგანგებო მდგომარეობით დაწესდება (რომელთაგან ნაწილი უკვე ძალაშია):

  • იზოლაციის/კარანტინის წესების დარღვევისთვის პირის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა; გამოიყენოს სანქციები;
  • წესდება შეზღუდვები საერთაშორისო მიმოსვლაზე;
  • დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები/ვადები;
  • მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო-სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა უფლება და მატერიალური საშუალებები;
  • იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა
  • მთავრობას ენქება უფლება, კერძო ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
  • საჭიროების შემთხვევაში არეგულიროს ფასები გარკვეულ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე;
  • საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება;
  • სასამართლო სხდომები შეიძლება გაიმართოს დისტანციურად;
  • ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, თუ არადა, ეს გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარამდე, იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარით. იგივე ქმედება სსკ-თი დაისჯება 3 წლამდე პატიმრობით;

პრემიერის თქმით, კომენდანტის საათი არ წესდება. ასევე, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეეხება მედიას.

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი