ახალი ამბები

კორონავირუსი: როგორ იცავენ სურსათის მაღაზიები თანამშრომლების უსაფრთხოებას

13 მარტი, 2020 • 2468
კორონავირუსი: როგორ იცავენ სურსათის მაღაზიები თანამშრომლების უსაფრთხოებას

მაშინ, როცა ხელისუფლება კორონავირუსის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას დისტანციური მუშაობისკენ მოწუოდებს, არის ისეთი სამსახურები, სადაც ამის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მაგალითად, ასეთი სამსახური აქვთ სურსათის მაღაზიებში დასაქმებულებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებით კი, კორონავირუსის პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვაა.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, ვინ ზრუნავს სანიტარული ნორმების დაცვაზე ისეთ მაღაზიებში, სადაც დასაქმებულებს ბევრ ადამიანთან უწევთ ხშირი შეხება და კონტროლის რა მექანიზმი არსებობს ნორმების დარღვევის შემთხვევაში.

როგორ მუშაობენ სასურსათო მაღაზიებში

ნეტგაზეთი თბილისში არსებულ სურსათის რამდენიმე ქსელურ მაღაზიაში დააკვირდა, საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომია თუ არა ხელის სადეზინფექციო საშუალებები, ან პერსონალი თუ მიმართავს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს. მაღაზიების აბსოლუტურ უმრავლესობაში ხელის სადეზინფექციო საშაულებები არ არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, ერთ-ერთი გამონაკლისი იყო გლდანის “სითი მოლში”, სადაც სადეზინფექციო საშუალება ლიფტის კარებთან არის დამონტაჟებული.

ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ მაღაზიების თანამშრომელთა ნაწილი მუშაობს პირბადით, ან ხელთათმანით თუმცა მათი ნაწილი ამ აქსესუარების გარეშე მუშაობს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა “კარფურს”, “გუდვილს”, “ორ ნაბიჯს”, “სპარს”, “ნიკორას” და “ფრესკოს”, თუმცა პასუხები მხოლოდ  “ნიკორასა” და “სპარისგან” მივიღეთ.

“ნიკორას” წარმომადგენლის ცნობით, კორონავირუსის საფრთხისგან თავის ასარიდებლად მათ თავიანთ თანამშრომლებს სპეციალური სანიტარული ხელთათმანები და პირბადეები დაურიგეს, გარდა ამისა, მათ დაურიგდათ ჰიგიენური სადეზინფექციო საშუალებებიც. სუპერმარკეტებში დასაქმებული ადამიანების კონტროლზე კი პასუხისმგებლები ადგილობრივი მენეჯერები არიან.

რაც შეეხება სუპერმარკეტების ქსელს “სპარი”, მათთან დაკავშირება მხოლოდ ფეისბუკის საშუალებით მოვახერხეთ და ჩვენს კითხვებზე პასუხად მივიღეთ ვიდეოს ბმული, სადაც “სპარის” დირექტორი, მირანდა მანჯგალაძე “ტელეკომპანია პირველის” ეთერში საუბრობს, თუ რა ზომებს იღებს კომპანია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის:

“ღამის საათებში ინტენსიურად იწამლება სადეზინფექციო ხსნარით ყველანაირი ზედაპირი, რაც, რა თქმა უნდა, პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა იმისა, რომ ინფექცია არ გავრცელდეს. გარდა ამისა, ჩვენ მივყვებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინსტრუქციებს და ვასწავლით ჩვენს თანამშრომლებს ხელის დაბანისა და ხველების ეტიკეტს. ვურჩევთ დისტანცირებულები იყვნენ ინფიცირებულთან, რომელიც სიმპტომურად ავლენს ხველას, ცემინებას და ა.შ. ასევე, ყოველ საათში ერთხელ თანამშრომლებს ეგზავნებათ შეხსენებითი მეილი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ”, – განმარტა “სპარის” დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ “ტელეკომპანია პირველის” ეთერში.

გარდა ამისა, მანჯგალაძის თქმით, ისინის სამსახურიდან დროებით ითხოვენ თანამშრომელს, რომელიც უცხოეთიდან ჩამოვიდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ხელების დეზინფიცირებისთვის კი, როგორც ის ამბობს, ყველა ფილიალში დაარიგეს სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც გამოიყენება როგორც ხელების, ასევე ზედაპირების დეზინფიცირებისთვისაც.

მანჯგალაძის განმარტებით, მათ თავიანთ თანამშრომლებს არ დაურიგეს ხელთათმანები, რადგან ესეც ინფიცირების ერთ-ერთი წყარო ხდება, როდესაც ხელთათმანიან ხელს სახესთან მივიტანთ.

რას ითვალისწინებს კანონი

შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის უსაფრთხოება უზრუნველყოს. პროფკავშირების იურისტის, რაისა ლიპარტელიანის განმარტებით, აღნიშნული კანონი ეხება საქართველოოში ამჟამად მიმდინარე სიტუაციასაც, როდესაც ქვეყანაში არსებობს კორონავირუს COVID-19-ის გავრცლეების საფრთხე:

“მსოფლიოში კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა, შესაბამისად, საქართველოშიც მისაღებია სპეციალური ზომები. საფრთხე არსებობს და ამისთვის სხვადასხვა უწყებამ და კერძო დაწესებულებამ უნდა მიიღოს სპეციალური ზომები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაღაზიებში უსაფრთხო გარემოს შექმნას ითვალისწინებს”, – უპასუხა ლიპარტელიანმა “ნეტგაზეთის” შეკითხვას, უნდა გამოიყენებოდეს თუ არა სპეციალური ეკიპირება მაღაზიებში ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად და თანამშრომლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

საქართველოს კანონში შრომის უსაფრთხოების შესახებ წერია, რომ “დამსაქმებელმა მუშაობის ყველა ეტაპზე ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად უნდა განსაზღვროს ეს რისკი და მიიღოს შესაბამისი ზომები შემდეგი საერთო პრინციპების საფუძველზე”. აღნიშნული ზომები გულისხმობს რისკების აცილებას, საფრთხისშმეცველი ფაქტორების თავიდან აცილებას, თანამშრომელთა ინსტრუქტაჟს და ა.შ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის განმარტებით, დასაქმებული ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი, რათა თავიდან აირიდოს რისკები და საფრთხეში არ ჩააგდოს დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, წინააღდეგ შეთმხვევაში კი დასაქმებლს აქვს უფლება წერილით მიმართოს დამსაქმებელს და მოითხოვოს გარკვეული ზომების მიღება, ან ზომების მიღებამდე შეწყვიტოს მუშაობა:

“დასაქმებულს უფლება არ აქვს შეასრულოს სამუშაო, რომელიც მას საფრთხის შემცველად მიაჩნია. ქვეყანაში არსებული ვითარება ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დასაქმებულმა არ შეასრულონ ისეთი სამუშაო, რომელიც მათ ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს და მათი რისკები არ იქნება მინიმალიზებული. პრევენციული მექანიზმების გატარება არის უმნიშვნელოვანესი დღევანდელ სიტუაციაში, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყოველდღიური შეხება აქვთ უამრავ ადამიანთან”, – განმარტა ლელა გვიშიანმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას. მისივე თქმით, პრევნციული ღონისძიება მაღაზიების შემთხვევაში შეიძლება გულისხმობდეს სადეზინფექციო ხსნარებით უზრუნველყოფას, სპეციალურ აღჭურვილობას, ჰიგიენის დაცვას და ა.შ.

აღნიშნული კანონის დარღვევის შემთხვევაში კანონი სანქციის სახით ითვალისწინებს ფულად ჯარიმასაც.

პროფკავშირების იურისტის, რაისა ლიპარტელიანის თქმით, ფულადი ჯარიმები განსხვავებულია და ეს დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტულად რა სიმძიმის იქნება კანონდარღვევა და რამდენია კომპანიიის ყოველწლიური ბრუნვა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მათ სამუშაო სივრცეებში უსაფრთხოების დაცვასთ დაკავშირებით რეკომენდაციები გასცეს, თუმცა ამას მხოლოდ რეკომენდაციის სახე ჰქონდა და მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ კომპანიის მესაკუთრეები არიან და ეს მათი პირადი “პასუხისმგებლობის შეგრძნებაზეა დამოკიდებული.”

[red_box]თუ მუშაობთ ნებისმიერ მაღაზიაში და გსურთ ინფორმაციის მოწოდება თქვენს სამუშაო პირობებზე, განსაკუთრებით კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწერეთ ელ. ფოსტის მისამართზე: info@netgazeti.ge,  ან ჩვენს ფეისბუკ გვერდზე. ანონიმურობა დაცული იქნება. [/red_box]

გარეკანის ფოტო: სურსათის მაღაზია ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქი მოდენა/EPA-EFE/SERENA CAMPANINI/

მასალების გადაბეჭდვის წესი