ახალი ამბები

კორონავირუსი ათჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე სეზონური გრიპი – ფაუჩი

12 მარტი, 2020 • 2117
კორონავირუსი ათჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე სეზონური გრიპი – ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსი ათჯერ უფრო ლეტალურია, ვიდრე სეზონური გრიპი.

“სარსი, ასევე, იყო კორონავირუსი 2002 წელს, რომელმაც დააინფიცირა დაახლოებით 8 000 ადამიანი და 775 დაიღუპა. 8-10%-იანი სიკვდილიანობა ჰქონდა”, – განაცხადა ფაუჩიმ წარმომადგენელთა პალატაში საკომიტეტო მოსმენაზე და დასძინა, რომ ახალ კორონავირუსს COVID-19 ასეთი მაღალი სიკვდილიანობა არ აქვს, თუმცა უფრო სწრაფად ვრცელდება.

“გრიპის სიკვდილიანობა 0.1%-ია. კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ათჯერ უფრო მაღალია. ამიტომ ჩვენ უნდა გავატაროთ პრევენციული ნაბიჯები”, – განაცხადა ფაუჩიმ.

მანამდე კორონავირუსი და გრიპი ერთმანეთს შეადარა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და თქვა, რომ გასულ წელს 37 000 ამერიკელი დაიღუპა ჩვეულებრივი გრიპისგან.

“არაფერი გაჩერებულა, ცხოვრება და ეკონომიკა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ამ მომენტისთვის კორონავირუსის 546 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და 22 გარდაცავლებსი ფაქტი. იფიქრეთ ამაზე” – დაწერა ტრამპმა ტვიტერზე 9 მარტს.

თუმცა, სიტუაცია შეიცვალა 12 მარტისთვის ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა აშშ-ში 1200-ს გადააჭარბა, დაღუპულთა რიცხვმა კი 38-ს მიაღწია. მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია კორონავირუსის 126 ათასზე მეტი შემთხვევა და 4 ათასზე მეტი გარდაცვალება. ჩინეთის შემდეგ ვირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია იტალიაში, სადაც უკვე 12 ათასზე მეტი ფაქტი დარეგისტრირდა. შემთხვევები იმატებს საფრანგეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებშიც. საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ვითარების გაუარესების გამო დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ს მიმართულებით მოგზაურობა შეზღუდა.

კორონავირუსის გამო ტრამპმა ევროპიდან აშშ-ში მოგზაურობა შეზღუდა

მასალების გადაბეჭდვის წესი