ახალი ამბები

კორონავირუსი: თბილისში უფასო სასადილოები ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას

12 მარტი, 2020 • 2217
კორონავირუსი: თბილისში უფასო სასადილოები ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას

კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების მიუხედავად, თბილისში უფასო სასადილოები არ დაიხურება, შესაბამისად, ბენეფიცირები, როგორც აქამდე, კვლავ შეძლებენ ამ სერვისით სარგებლობას.

თბილისის მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მუნიციპალური სასადილოები ჩვეულებრივი გრაფიკით იმუშავებენ, ამასთანავე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უწყება აქაც ჩაატარებს სადეზინფექციო სამუშაოებს.

რაც შეეხება „კათარზისს“, ორშაბათს ორგანიზაციამ ფეისბუკზე სტატუსი გამოაქვყენა, სადაც თქვა, რომ რადგან ცენტრი ყოველდღიურად 350-მდე ხანდაზმულს ემსახურება, უსაფრთხოების გამო ცენტრი რამდენიმე დღით მუშაობას შეწყვეტს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა „კათარზისს“, სადაც გვითხრეს, რომ სასადილო დეზინფექციის მიზნით მხოლოდ 2 დღით დაიხურა. თუმცა, დეზინფექციის შემდეგ ბენეფიციარები ვეღარ შეძლებენ სასადილო დარბაზებში სადილობას.

„კათარზისში“ ამბობენ, რომ ბენეფიციარებს საკვებს ეზოს მხრიდან სპეციალურად შეფუთულ ცელოფნებში გაატანენ, თავშესაფარში კი მნახველთა ოდენობა შეიზღუდება. რაც შეეხება სანიტარულ ნორმებს, ცენტრში ამბობენ, რომ შიდა დეზინფექციები სასადილოში ყოველთვის ტარდებოდა.

ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ით ინფიცირება 24 ადამიანს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 49 პირი იმყოფება.

ყველაზე მძიმე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა – ეზუგბაია

მასალების გადაბეჭდვის წესი