ახალი ამბები

გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან ჩამოსულები კარანტინს გაივლიან

12 მარტი, 2020 • 1733
გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან ჩამოსულები კარანტინს გაივლიან

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, 14-დღიან საკარანტინო რეჟიმში გაივლიან ასევე ის მოქალაქეებიც, რომლებიც გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან ჩამოვლენ. აღნიშნული ეხება ამ ქვეყნებიდან ტრანზიტით შემოსულ ადამიანებსაც.

მანამდე საკარანტინო სივრცეებში ათავსებდნენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩინეთიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან ჩამოდიოდნენ.

„მკაცრდება საქართველოს საზღვრებზე შემოსვლის რეჟიმი, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის რეზიდენტების. მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე დაწესებული გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან.

ამ რეჟიმის ემატება გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი, რაც ნიშნავს, რომ ყველა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყნებიდან ბრუნდება საქართველოში გაივლის 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე საზღვარზე წარადგენს ან შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას აქვს ჩატარებული კვლევა,ან ისიც გაივლის 14-დღიან კარანტინს.

გარდა ამისა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეძლევა რეკომენდაცია, რამდენიმე თვით თავი შევიკავოთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან.  ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოზიციიდან გამომდინარე გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას,“ – ამბობს გახარია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსული ინფექცია( COVID-19) 24 მოქალაქეს დაუდასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი