ახალი ამბებიგართობა

The Beatles: Get Back — პიტერ ჯექსონის დოკ.ფილმი სექტემბერში გამოდის

11 მარტი, 2020 • 2217
The Beatles: Get Back — პიტერ ჯექსონის დოკ.ფილმი სექტემბერში გამოდის

რეჟისორი პიტერ ჯექსონის დოკუმენტური ფილმი ლეგენდარული „ბიტლზის“ შესახებ 2020 წლის 4 სექტემბერს გამოვა კინოეკრანებზე. დოკუმენტური ფილმის სათაურია The Beatles: Get Back (Get Back ბიტლზების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა).

ფილმის გამოშვების თარიღზე ინფორმაცია „ბიტლზის“ ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა 11 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე. ფილმზე საავტორო უფლებებს უოლტ დისნეის კინოსტუდია ფლობს.

პიტერ ჯექსონმა ამ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა 2019 წლის თებერვალში დაიწყო. ჯექსონმა, რომელიც ჯ.რ.რ. ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ ეკრანიზაციებითაა სახელგანთქმული, დაამუშავა 55-საათიანი ვიდეო და 140-საათიანი აუდიომასალა, რომელიც გულშემატკივარს აქამდე არასოდროს უნახავს და მოუსმენია.

კადრები ასახავს ბენდის 1969 წლის სტუდიურ სესიებს საბოლოო ალბომის, „ლეთ ით ბის“ (Let it be) გამოშვების სამზადისში. პიტერ ჯექსონი ამ კადრებს უწოდებს „ისტორიულ საგანძურს“ და ამბობს: „უყურებდე, ერთად როგორ მუშაობენ ჯონი, პოლი, ჯორჯი და რინგო, არა მხოლოდ გასაოცარი, არამედ სასაცილო, ამაღელვებელი და საოცრად ახლობელია“.

ამ პერიოდის შესახებ დოკუმენტური ფილმი, სახელად „ლეთ ით ბი“, მაიკლ ლინდსი-ჰოგის რეჟისორობით 1970 წელს, ბენდის დაშლიდან მალევე გამოვიდა. როგორც „ამერიკის ხმა“ გადმოსცემს, ეს ფილმი ჯგუფის წევრების ერთმანეთისგან დაშორების ქრონიკად განიხილება.

ჯონ ლენონი ამ პერიოდს „საშინელ გამოცდილებად“ იხსენებდა და ამბობდა, პოლის [მაკკარტნის] მიერ მხოლოდ საკუთარი თავისთვის იყო მოფიქრებულიო.

„ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ბიტლზი“ დასრულდა. ჯორჯის [ჰარისონის] ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მე ძალიან კარგადაც ვიცი, რომ ყელში გვქონდა ამოსული პოლის ჩრდილში ყოფნა”, – უთხრა ლენონმა ჟურნალ „როლინგ სტოუნს“ ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე თვეში.

პიტერ ჯექსონი კი ამბობს, რომ ეს ახალი კადრები სულ სხვა ამბავს გვიამბობს: „კი, დრამის მომენტები არის, მაგრამ არ ჩანს ის განხეთქილება, რაც ამ პროექტთან [Let it be] ასოცირდება ხოლმე“.

მაკკარტნი ამბობს: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პიტერი ჩაუღრმავდა ჩვენს არქივებს და მოამზადა ფილმი, რომელიც სიმართლეს უჩვენებს… მახსენდება ის მეგობრობა და სიყვარული, რაც გვაკავშირებდა; მახსენდება გიჟურად გატარებული ლამაზი დღეები“…

პროექტს მწვანე შუქი აუნთეს კოლექტივის ყოფილმა წევრებმა, მაკკარტნიმ და რინგო სტარმა, ასევე, გარდაცვლილი წევრების, ჯონ ლენონის და ჯორჯ ჰარისონის სამართლებრივმა მემკვიდრეებმა, იოკო ონომ და ოლივია ჰარისონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი