ახალი ამბები

ჩინეთმა საქართველოს კორონავირუსის სწრაფი ტესტები აჩუქა

11 მარტი, 2020 • 2248
ჩინეთმა საქართველოს კორონავირუსის სწრაფი ტესტები აჩუქა

ჩინეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ჩინურმა მხარემ საქართველოს კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტები აჩუქა.

საელჩოს ცნობით, 1000 ცალი სწრაფი ტესტის ჯამური ღირებულება 420 ათასი დოლარია და კორონავირუსის გარდა, სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენადაც გამოიყენება.

“ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სიჩუანის პროვინციის მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ჩინურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი აღჭურვილობით, დაახლოებით 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონა ვირუსისა და ასევე, სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი 1000 ცალი სწრაფი ტესტის საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის,”-აცხადებენ საელჩოში.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ჩინეთიდან ახალი ტიპის კორონავირუსის დასადგენ სწრაფ ტესტებს მიიღებს.

საუბარია ტესტებზე, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას უფრო სწრაფად ადგენს, ვიდრე არსებული საშუალებები, თუმცა ჯერ ამ ახალ ტესტებს WHO-ს სერტიფიკატი არ მიუღია.

ამის შესახებ გამყრელიძემ 10 მარტს, სპეციალურად გამარტულ ბრიფინგზე ისაუბრა:

“საუბარია, რომ ჩინეთმა გააკეთა სწრაფი ტესტები, რომელსაც ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია გადმოგვცემს უფასოდ. დაახლოებით 1000 ტესტზეა საუბარი, მაგრამ ეს ტესტები არ არის ვალიდირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ, ამიტომ ჩვენ ამ ტესტებზე ვართ ფრთხილად”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი