ახალი ამბები

რა ღირს უფასო წიგნები – 10-ლარიან სახელმძღვანელოს სახელმწიფო 62 ლარად ყიდულობს

10 აგვისტო, 2015 • 3141
რა ღირს უფასო წიგნები – 10-ლარიან სახელმძღვანელოს სახელმწიფო 62 ლარად ყიდულობს

 

სახელმწიფო წელს 8 343 ლარს დახარჯავს მე-5 კლასის რუსული ენის 135 ცალი სახელმძღვანელოს დაბეჭდვაში. წიგნი 152-გვერდიანია. რუსული ენის ამ სახელმძღვანელოს ოთხი ავტორი ჰყავს – მაია რევია, ხათუნა ლუტიძე, ილონა ძნელაძე და ქეთევან შოშიაშვილი. წიგნზე საავტორო უფლებები, წესით, გამომცემლობა “დიოგენეს“ აქვს (აქვე „დიოგენესთან“ დაკავშირებით იმის თქმა შეიძლება, რომ ეს გამომცემლობა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება – მათ შორის წიგნების მაღაზიები დახურა თბილისში.

 

„დიოგენე“ ამაში მეტ წილ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს), თუმცა, რეალურად, ის, ისე როგორც სხვა გამომცემლობები, წელს ამ უფლებით ვერ ისარგებლებს.

 

რაც შეეხება ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისს – სახელმძღვანელოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერს – სატენდერო დოკუმენტებში არსად არის განმარტებული, თუ რატომ ღირს ერთი ჩვეულებრივი სასკოლო სახელმძღვანელოს დაბეჭდვა, მაგალითად, 62 ლარი. მით უფრო, რომ იმავე სახელმძღვანელოს ყიდვა ბათუმის ერთ-ერთ მაღაზიაში – „ლამპარში“ 10 ლარად შეიძლება.

 

იმავე მაღაზიაში კიდევ 12 დასახელების ისეთი წიგნის ყიდვა შეიძლება, რომლის დაბეჭდვაც წელს სახელმწიფოს ორჯერ თუ სამჯერ ძვირი უჯდება. მაგალითად, გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ მომზადებული რუსული ენის მე-6 კლასის სახელმძღვანელოს დაბეჭდვაში განათლების სამინისტრო 58 ლარსა და 81 თეთრს იხდის. „ლამპარში“ ზუსტად იგივე სახელმძღვანელო 8 ლარი და 40 თეთრი ღირს, ხოლო აღნიშნულ გამომცემლობაში იმავე წიგნის შესყიდვა სულაც 6 ლარად და 72 თეთრად არის შესაძლებელი.

 

დღეის მდგომარეობით, ბათუმში, წიგნების მაღაზია „ლამპარში“ 4 102 ცალი ისეთი სახელმძღვანელოს ყიდვა შეიძლება, რაშიც სახელმწიფო 91 744 ლარის გადახდას გეგმავს. მაგრამ, თუ განათლების სამინისტრო ზუსტად იმავე წიგნებს, მაგალითად, „ლამპარში“ ან წიგნების სხვა რომელიმე მაღაზიაში იყიდდა, 38 056 ლარი დასჭირდებოდა, გამომცემლობებისგან შესყიდვის შემთხვევაში კი – სულაც 30 305 ლარი.

 

ახალი სასწავლო წლისთვის წიგნების შესყიდვაზე „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, რომელიც განათლების სამინისტროს სსიპ-ია, ხელშეკრულება შპს „მვპ“-სთან 10 ივლისს გააფორმა. სწორედ ამ ხელშეკრულებით დასტურდება, რომ სახელმწიფო გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ შედგენილ სახელმძღვანელოს, ერთი ცალი წიგნის დაბეჭდვაში კოლოსალური თანხის – 1668 ლარისა და 53 თეთრის გადახდასაც აპირებდა. წელს სახელმწიფო ამ ღირებულების სულ 4 ერთეული წიგნის დაბეჭდვას გეგმავდა და ჯამში ამ მიზნით 6674 ლარი უნდა დახარჯულიყო.

 

იმავე ხელშეკრულებით, გამომცემლობა „არტანუჯის“ რუსული ენის 65 ცალი სახელმძღვანელოს დაბეჭდვისთვის ბიუჯეტიდან 6 617 ლარი იყო გათვალისწინებული, ანუ ამ შემთხვევაში ერთი წიგნის დასაბეჭდად სახელმწიფო 101.8 ლარის გადახდას აპირებდა. გამომცემლობა „არტანუჯის“ კიდევ ერთი ერთეული სახელმძღვანელოს დაბეჭდვისთვის კი 77 ლარი იყო გათვალისწინებული. ჯამში სახელმწიფო 148  სახელმძღავნელოს დაბეჭდვაში 19 428 ლარს იხდიდა.

 

თუმცა, 29 ივლისს მხარეებს – „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და შპს „მვპ“-ს შორის კიდევ ერთხელ დაზუსტდა ხელშეკრულების პირობები, რის მიხედვითაც ამ სამ ძვირადღირებული წიგნის დასაბეჭდი თანხა მკვეთრად – 937 ლარამდე შემცირდა.

 

როგორ განისაზღვრა ფასები ხელშეკრულების გაფორმების პირველ ეტაპზე და როგორ განისაზღვრა შემდეგ? ან ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ფასები არაობიექტურად არის დადგენილი სხვა სახელმძღვანელოებთან მიმართებაში? რატომ არ იყიდა განათლების სამინისტრომ უკვე დაბეჭდილი წიგნები გამომცემლობებისგან, რითაც ბიუჯეტის არაერთ ათას ლარს დაზოგავდა? – ამ კითხვებზე პასუხს „ბათუმელებს“ განათლების სამინისტროში გასულ პარასკევს დაჰპირდნენ, თუმცა მოგვიანებით სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს. 

 

გარდა ამ კითხვებისა, განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე „ბათუმელებმა“ კიდევ რამდენიმე კითხვა გააგზავნა. მათ შორის, გვაინტერესებდა, მაგალითად, რატომ ღირს „დიოგენეს: მომზადებული რუსული ენის ერთი სახელმძღვანელოს დაბეჭდვა 50 ლარი, იგივე „დიოგენეს“ სხვა სახელმძღვანელოს  დაბეჭდვა – 61.80 ლარი, ან „არტანუჯის“ რუსული ენის ერთი წიგნის დაბეჭდვა 58.81 ლარი?

 

„ბათუმელებს“ განათლების სამინისტროდან პასუხები, ჯერჯერობით, არც ამ კითხვებზე მიუღია.

 

მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო ცალკეული წიგნის დაბეჭდვაში სოლიდურ თანხას იხდის, აქედან არც ერთი თეთრი არ შეხვედრია, მაგალითად, გამომცემლობა „არტანუჯის“ რუსული ენის სახელმძღვანელოს ერთ-ერთ შემდგენელს, მაია ლორთქიფანიძეს. ამის შესახებ წიგნის ავტორმა „ბათუმელებს“ თავად განუცხადა:

 

„შვიდი წლის განმავლობაში 18 საათი ვიმუშავე მე-7-მე-12 კლასების სახელმძღვანელოს შედგენაზე. ცხადია, საავტორო უფლება გრიფირების პერიოდში მივეცი გამომცემლობას, მაგრამ ეს უფლება განათლების სამინისტრომ წაგვართვა როგორც ჩვენ, ისე გამომცემლობებს. შარშან ერთ სახელმძღვანელოში 1 თეთრი გადამიხადეს. წელს საერთოდ არ მიმიღია არანაირი ანაზღაურება. არც ჩემს კოლეგებს გადაუხადეს“.

 

მაია ლორთქიფანიძე ინფორმირებულია იმის შესახებაც, თუ რატომ ღირს მის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს დაბეჭდვა წელს ასე ძვირი? „ცოტას ბეჭდავენ და მაგიტომ“, – უთხრა სახელმძღვანელოს ავტორმა „ბათუმელებს“.

 

რატომ ბეჭდავს სახელმწიფო წელს სახელმძღვანელოებს შეზღუდულად? – სკოლების დირექტორების ინფორმაციით, სწორედ იმიტომ, რომ სკოლებს გააჩნია წიგნადი ფონდი: შარშან უფასოდ დარიგებული სახელმძღვანელოები სასწავლო წლის დასრულების შემდეგ სკოლებში ინახება. შესაბამისად, საჯარო სკოლების მოსწავლეები წელს ამ სახელმძღვანელოებს მიიღებენ.

 

რამდენად გამოსადეგი იქნება მეორადი სახელმძღვანელო ახალი სასწავლო წლისთვის, მით უფრო, რომ სასწავლო პროგრამა, ზოგ შემთხვევაში, დავალების პირდაპირ სახელმძღვანელოში შესრულებას/ჩაწერას ითვალისწინებს? არის თუ არა გასულ წლებში სკოლებში შენახული ყველა სახელმძღვანელოს ვარგისიანობა გადამოწმებული? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვებზე პასუხის მისაღებადაც განათლების სამინისტროს მიმართა. თუმცა, ეს საკითხიც, ჯერჯერობით, პასუხმიუღებელი კითხვების ჩამონათვალში შედის.

 

წელს სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის გამოყოფილი თანხიდან 992 880 ლარი რვეულების დაბეჭდვას მოხმარდება.

რაც შეეხება გამომცემლობებს, ისინი უკვე მეორე წელია მათივე შედგენილი სახელმძღვანელოების დაბეჭდვის უფლების დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობენ. ამ ეტაპზე სადავო სახელმძღვანელოებს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ოქროს დისკებზეა გადატანილი, კვლავაც სამინისტრო განკარგავს. გამომცემლობების უფლებებს სასამართლოში რამდენიმე ადვოკატი იცავს.

 

თამთა ივანიშვილი, – გამომცემლობების ადვოკატი: 7 აგვისტოს ჩვენი სარჩელი შევიდა უზენაეს სასამართლოში. სასამართლოში სულ 4 გამომცემლობა – „ინტელექტი“, „არტანუჯი“, „ლოგოსპრესი“ და „დიოგენე: უჩივის სახელმწიფოს. ჩვენ პროცესი წავაგეთ სასამართლოს ორ ინსტანციაში. თუ უზენაესი სასამართლოც არ დააკმაყოფილებს სარჩელს, შესაბამისად, გავასაჩივრებთ ევროსასამართლოში.

 

ჩვენ ვცდილობთ სასამართლომ უკანონოდ ცნოს განათლების სამინისტროს მიერ გამომცემლობების ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფის ფაქტი. ყველასთვის ცნობილია, რომ განათლების სამინისტროს მიღებული აქვს ნორმატიული აქტი და ინსტრუქცია სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების თაობაზე. აღნიშნული აქტის ერთ-ერთი მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში, განათლების სამინისტროს უფლება აქვს, თავად ან მესამე პირის მეშვეობით, დაბეჭდოს გამომცემლობების მიერ შედგენილი სახელმძღვანელოები. იგივე ჩანაწერი იყო ზოგიერთ ხელშეკრულებაში, რომელიც გრიფირების შემდეგ დაიდო გამომცემლობებთან, თუმცა ეს არ გვხვდება, მაგალითად, „არტანუჯისა“ და „ლოგოსპრესის“ ხელშეკრულებაში.

 

ზუსტად ამ მუხლზე მითითებით განათლების სამინისტრო მიიჩნევს, რომ მძიმე სოციალური ფონი საზოგადოებაში არის ის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, რაც მას აძლევს გამომცემლობების ინტელექტუალური საკუთრების მითვისების უფლებას. ამ შემთხვევაში ის სოციალურად დაუცველებით აპელირებს.

 

ჩვენი არგუმენტები კი შემდეგია: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება არ შეიძლება იყოს ის გარემოება, რაც წლების მანძილზე არსებობდა, რასაც ყურადღებას არ აქცვედა განათლების სამინისტრო და უცებ მიაქცია ყურადღება. შესაბამისად, ეს ვერ ჩაითვლება აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად. თავისი შინაარსით „აუცილებელი საჭიროება“ იყო სანქციის მუხლი და ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ამოქმედებულიყო, თუ გამომცემლები თავიანთი ქმედებით დაარღვევდნენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას, ვთქვათ, დეფიციტს შექმნიდნენ ბაზარზე, ან არ დაბეჭდავდნენ წიგნებს. ეს უნდა ყოფილიყო მექანიზმი განათლების სამინისტროსთვის, რომ მსგავსი ფორსმაჟორი არ შექმნილიყო.

 

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია ისიც, რომ განათლების სამინისტრო ვალდებულია ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ფარგლებში. შესაბამისად, მას აქვს ვალდებულება, დაიცვას მეწარმის ინტელექტუალური საკუთრების უფლება. არანაირი სამართლებრივი და კონსტიტუციური სახელმწიფოს ფარგლებში არ ჯდება განათლების სამინისტროს მიერ სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისება საკუთარი შეხედულებისამებრ, მაშინ, როდესაც გამომცემლები პირნათლად ასრულებდნენ გრიფირების პროცესში ნაკისრ ვალდებულებებს.

 

სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციამ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა,  რომ გამომცემლობების მიერ შედგენილი წიგნების დაბეჭდვის უფლება სამინისტროს სახელშეკრულებო პირობებით აქვს მინიჭებული, ანუ მას აქვს უფლება, დაბეჭდოს ეს წიგნები. ეს ლოგიკა აბსურდულია, რადგან თუ სამინისტროს თავისივე ადმინისტრაციული აქტით რაღაც უფლება აქვს მინიჭებული, ეს არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც სახელშეკრულებო თავისუფლება. თუ მე უფლება არ მქონდა მოლაპარაკება მეწარმოებინა კონკრეტულ სახელშეკრულებო მუხლზე კონკრეტული პირობებით, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ამ ყველაფრის ხელმოწერას მე დავთანხმდი.

 

ვთქვათ, მართლაც შეიზღუდა ზოგიერთმა გამომცემლობამ ხელშეკრულებით გარკვეული უფლება, მაგრამ რას ვუშვრებით იმ ხელშეკრულებებს, სადაც არ არის ეს კონკრეტული შეზღუდვა გაწერილი? ამ კითხვაზე სამინისტროს წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა სასამართლოში, რომ მნიშვნელობა არ აქვს ხელშეკრულებაში იქნებოდა თუ არა ეს ჩანაწერი, ჩვენ ამის უფლება აქტით გვქონდაო. არადა, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დაწერა, რომ ეს სახელშეკრულებო უფლება იყო განათლების სამინისტროსთვის.

 

ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ საექსპერტო დასკვნა, სადაც დათვლილია თუ რა ზიანი მიადგა ცალკეულ გამომცემელს. ჯამში ეს არის 23 მილიონი ლარი. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ როგორც ამ თანხის ანაზღაურებას, ისე განათლების სამინისტროსთვის ჩვენი საკუთრების უკანონოდ გამოყენების აკრძალვას, ანუ სამინისტროს უნდა აეკრძალოს სახელმძღვანელოების შემდგომში ბეჭდვა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი