როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ფეისბუკის გვერდიდან ირკვევა, კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მოქალაქის მიერ თავდასხმისას დაჭერილი მგელი ველურ გარემოში გაუშვეს. თუმცა, როგორც უფლებადამცველები წერენ, თანდართული ფოტოებიდან ჩანს, ველურ ბუნებაში მგლის ნაცვლად ძაღლი გაუშვეს. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პოსტზე კომენტარებს მოქალაქეებიც ტოვებენ.
იმის შესახებ, რომ აღნიშნული ცხოველი ძაღლია, ცხოველთა უფლებადამცველები, თინათინ ჭავჭანიძე და სოფი ჯიბუტი წერენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტემენტი წერს, რომ გარეული ცხოველის დაჭერის თაობაზე პოლიციას მოქალაქემ აცნობა.
“თავისმხრივ პოლიციამ აღნიშნულის შესახებ შეატყობინა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. ადგილზე გასული იქნა ჯგუფი მოხდა ცხოველის ველურ გარემოში დაბრუნება,” – წერს დეპარტემენტი.
აღნმიშნულ პოსტთან დაკავშრებით “ნეტგაზეთმა” გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურსაც მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებდნენ.