ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის შიდა გადადება არ ფიქსირდება – გამყრელიძე

10 მარტი, 2020 • 1824
საქართველოში კორონავირუსის შიდა გადადება არ ფიქსირდება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, 10 მარტის მონაცემებით საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის შიდა გადადება არ ფიქსირდება. ამის შესახებ გამყრელიძემ ტელეკომანია “ფორმულას” ეთერში დღეს გამოვლენილ ახალ 8 შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

“როგორც ვპროგნოზირებდით, ინფექცია უფრო და უფრო ფეხს იკიდებს – რვავე შემთხვევა უკავშირდება იტალიას. აქედან ხუთი მგზავრობას და დაკავშირებულია იმ კლასტერთან, რომელიც მეორე შემთხვევად დაფიქსირდა ჩვენთან, როცა ჯგუფი მოგზაურობდა იტალიაში და მასთან ერთად იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას შემდეგ იყვნენ თვითიზოლაციაში. მათი კლინიკური მდგომარეობა ნორმალურია და ვფიქრობ, რომ ისინის ინფექციურში უნდა იყვნენ გადაყვანილნი. ერთი იწვა ინფექციურში, ორი კი დასავლეთ საქართველოში სხვა ინფექციურ კლინიკაში. შიდა გადადება არ გვაქვს, ყველა შემთხვევა არის შემოტანილი – ორი ირანიდან, დანარჩენი იტალიიდან. ან შემოტანილია ან ასოცირებული იტალიიდან ჩამოსულთან კონტაქტით, მესამე და მეოთხე რიგის გადაცემა ამ ეტაპზე არ გვაქვს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ნაწილი უკავშირდება საქართველოში დაფიქსირებულ მეორე შემთხვევას. ეს ადამიანები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

10 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 23 შემთხვევა ფიქსირდება. მსოფლიოში კი კორონავირუსით 114 ათასამდე შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად, მათგან გარდაიცვალა 4 015. ვირუსი დაფიქსირდა 110 ქვეყანაში, მათგან ყველაზე მეტი – ჩინეთში. ვირუსის გავრცელების მასშტაბით მეორე ადგილზეა იტალია (10 ათასამდე შემთხვევა).

მასალების გადაბეჭდვის წესი