ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისიდან ახალგორში დაბრუნებული ქალი კარანტინში მოათავსეს

10 მარტი, 2020 • 2573
თბილისიდან ახალგორში დაბრუნებული ქალი კარანტინში მოათავსეს

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ქალი, რომელიც თბილისში სიძის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, ახალგორში დაბრუნებისას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან არიდების მიზეზით კარანტინში მოათავსა.

მას მაღალი ტემპერატურა, ხველება ან სხვა სიმპტომები არ აღენიშნება.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციითვე, ახალგორის სამშობიაროში მისი მოთავსებიდან რამდენიმე დღეა გასული, თუმცა ის ექიმს არ გაუსინჯავს, მასთან მხოლოდ ექთნები შედიან, რომლებიც საკვებს აწვდიან.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო 64 ქვეყნის მოქალაქეებს დაუწესა შეზღუდვები.

შინაგან საქმეთა დე ფაქტო სამინისტროს მიერ 2 მარტს გამოქვეყნებულ სიაში რუსეთის ფედერაცია არ შედის, თუმცა შედის საქართველო.

ნახეთ ქვეყნების სია

ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ალჟირი, სომხეთი, ავღანეთი, ბაჰრეინი, ბელარუსი, ბელგია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ვიეტნამი, გერმანია, საბერძნეთი, საქართველო, დანია, ეგვიპტე, ისრაელი, ინდოეთი, ერაყი, ირანი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კამბოჯა, კანადა, ყატარი, ჩინეთი, ქუვეითი, ლიბანი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი,მალაიზია, მექსიკა, მონაკო, ნეპალი, ნიგერია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია,არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, პაკისტანი, სამხრეთ კორეა, რუმინეთი, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაილანდი, ფილიპინები, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, შვეიცარია, შვედეთი, შრი-ლანკა, ეკვადორი, ესტონეთი, იაპონია.

საქართველოში, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, 10 მარტის საღამოს მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 23 შემთხვევაა დადასტურებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი