ახალი ამბები

ხელისუფლებამ თადუმაძე საერთაშორისო წნეხის ფონზე გადამალა – ანა დოლიძე

10 მარტი, 2020 • 1330
ხელისუფლებამ თადუმაძე საერთაშორისო წნეხის ფონზე გადამალა – ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურის გაყვანა საერთაშორისო წნეხის გამო გადაიფიქრა.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ დღეს გამართულ კონსულტაციებზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ორი კანდიდატურა დასახელდა – შალვა თადუმაძე და ნინო ქადაგიძე, საბჭოს სხდომაზე კენჭისყრაზე მხოლოდ ქადაგიძის კანდიდატურა დადგა. მას იუსტიციის საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია იუსტიციის არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს, ანა დოლიძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

“დღეს მორიგი წერტილი დაესვა სასამართლოს თავისუფლების იდეას ამ ხელისუფლების პირობებში. “ქართულმა ოცნებამ” საერთაშორისო წნეხის პირობებში და ფონზე ჩაატარა ოპერაცია “ეს ბიჭი გადამალეთ” – ხომ გახსოვთ “წუნა და წრუწუნაში” რომ არის. გადამალეს შალვა თადუმაძე იმიტომ, რომ მიხვდნენ, მთლად საჩვენებელი ფიგურა, როგორც პირველი პირი სასამართლოდან, ის საჩვენებელი არ არის, თუმცა ნინო ქადაგიძე არის ადამიანი, რომელიც გვერდიგვერდ მსახურობდა 2020-2012 წლებში მიხეილ ჩინჩალაძესთან”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, ნინო ქადაგიძე არის მურუსიძე-ჩინჩალაძის გადამოწმებული, გამობრძმენდილი კადრის და ხელისუფლებისთვის არაჩვეულებრივი დასაყრდენი იქნება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტისთვის წარსადგენად ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია.

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა პორტფოლიოები – OSGF

 

მასალების გადაბეჭდვის წესი