ახალი ამბები

კორონავირუსის გამო ხაზარიძე-ჯარიძის პროცესზე დამსწრეთა ნაწილი არ დაუშვეს

10 მარტი, 2020 • 791
კორონავირუსის გამო ხაზარიძე-ჯარიძის პროცესზე დამსწრეთა ნაწილი არ დაუშვეს

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ თქვა, რომ კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით პროცესზე დასწრება დღეს, 10 მარტს, დროებით შეეზღუდა ადამიანთა ნაწილს.

სასამართლო განხილვაზე დასწრებას შეძლებენ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვა მოქალაქეებისთვის კი ეს შეზღუდული იქნება. მოსამართლის განცხადებით, ეს უკავშირდება კორონავირუსის პრევენციას. დღევანდელი, 10 მარტის საქმის განხილვა, დაწყებიდან მალევე გაურკვეველი ვადით გადაიდო ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის გამო.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოების ვიზიტორებს, მოქალაქეებს დღეს მიმართა თხოვნით, განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ – დაიცვან როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობა.

საბჭოს განცხადებით, სასამართლო სისტემა კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი უწყების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებს.იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოებში სადეზინფექციო სამუშაო ჩატარდა და ეს პროცესი გრძელდება.

ასევე, სასამართლოებში ხელმისაწვდომია ხელის დასამუშავებელი ე.წ. დეზინფექტორები. მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული თანამშრომლები იმყოფებიან თვითიზოლაციაში.

საქართველოში კორონავირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა, მსოფლიოში კი ეს რაოდენობა 110 ათასს აჭარბებს.

მემორანდუმი – რაზე შეთანხმდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი