“ტკივილიანია აგვისტოს ეს დღეები ყველასთვის, სწორედ ამიტომ, არ მინდოდა “რუსთავი-2” ზე საუბარი ახლა, მაგრამ ალბათ სათქმელი ჯობია ითქვას, მითუმეტეს, როცა მათი ფანტაზია იქამდე მიდის, რომ კიწმარიშვილის მკვლელად ივანიშვილს აცხადებენ. კომპანიას ქიბარ ხალვაშმა უჩივლა. არ ვიცი, ზუსტად რა სამართლებრივი საფუძვლით, რა მტკიცებულებებით, რამდენად მყარი არგუმენტებით. სარჩელს არ ვიცნობ და არც შეიძლება ვიცნობდე, შეიძლება მოთხოვნა ხანდაზმულიც არის, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, თუ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, სარჩელს არავინ დააკმაყოფილებს! დღეს სხვა დროა, სასამართლო დარბაზები ღიაა, საჯაროა, დღეს საზოგადოებრივი თუ მედია კონტროლი საკმარისად მაღალია საიმისოდ, რომ მოსამართლემ თეთრზე შავი არ თქვას! დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პროცესების სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართვა, ეს ხელისუფლების ამოცანაა! ჩვენი მონაპოვარია მედიის თავისუფლება და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ხელი ხელისუფლებისკენ გამოიშვიროს და დაგვაბრალოს ის, რასაც თავად “წარმატებით” აკეთებდნენ. გვარამიას ვურჩევდი, დაელოდოს სასამართლოს და მუქარებს მოეშვას, მითუმეტეს სასამართლოს მიმართ მუქარებს, მაგრამ ეს ხომ მათი სტილია! აღარ ხართ ბატონო ნიკა, პროკურორი და აღარც ის დროა, როცა მოსამართლეებს თქვენთვის სასურველ განაჩენებს უკვეთავდით! და კიდევ, თქვენივე სიუჟეტებით თავადვე აღიარებთ, რომ, რაღაც გაუგებარი, ფარული გარიგებები არსებობდა ამ კომპანიის ირგვლივ, ხოდა დაელოდეთ სასამართლოს! ისე, გასაკვირია, თავად ამჟამინდელი მესაკუთრეები, ვინმე ყარამანაშვილები (გვარი თუ სწორად მახსოვს) სად არიან, რატომ ხმას არ იღებენ, თუ ვინმეს უფლებები ირღვევა სარჩელის შეტანით, ეს მათი უფლებებია და არა გვარამიასი, ან ნაცმოძრაობის…იმას მაინც ნუღარ იტყვით, რომ “რუსთავი” დამოუკიდებელია, ის” ნაციონალური მოძრაობისაა” დიდი ხანია!”– წერს მანანა კობახიძე.
ქიბარ ხალვაშმა რუსთავის 2-ის წილის დაბრუნების საკითხზე სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა. 5 აგვისტოს სასამართლომ წილების და ქონების დაყადაღებაზე განჩინება უკვე გამოიტანა. დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს განჩინების საფუძველზე სამართლებრივი შეზღუდვები დაედო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პარტნიორების წილებსა და ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებას.
“რუსთავი 2–ის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი-2 ის წინააღმდეგ საქმეს განიხილავდა, არის მიკერძოებული და ტელეკომპანია მის ჩანაცვლებას მოითხოვს.
მისივე თქმით, ტელეკომპანია რუსთავი 2 ამ განჩინებას ხუთი დღის ვადაში გაასაჩივრებს და პირველ რიგში მოვითხოვს, რომ მოსამართლე ურთმელიძემ არ განიხილოს ეს დავა.
“საჩივარი განხილული იყოს ზეპირი მოსმენით, იმიტომ რომ აქ არის საზოგადოებრივი უდიდესი ინტერესი და განხილვა მოეწყოს არა ერთი, არამედ სამი მოსამართლის მონაწილეობით. გვაქვს ინფორმაცია, რომ მთელი ხელისუფლება სასამართლო კორპუსზე ზეწოლაშია ჩართული”.
გვარამია ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ატკიცებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ეს საქმე არის მკაფიოდ პოლიტიზირებული.
ტკივილიანია აგვისტოს ეს დღეები ყველასთვის, სწორედ ამიტომ, არ მინდოდა “რუსთავი-2” ზე საუბარი ახლა, მაგრამ ალბათ სათქმელი…
Posted by Manana Archil Kobakhidze on Friday, August 7, 2015