“ამ სარჩელზე მუშაობდა ქიბარ ხალვაშის ადვოკატების ერთი ჯგუფი, მათი სამართლებრივი შეფასებით და მათი გადაწყვეტილებით, სამართლებრივი კატეგორიებით მსჯელობდნენ და გადაწყვიტეს, რომ ყველაფრის დაყადაღება უნდა მოეთხოვათ, თუმცა, შემდგომ, როცა გამზადდა სარჩელი და ა.შ, მე როცა ჩავერთე, ჩემი პოზიციაც იყო და თვითონაც მისი კატეგორიული პოზიცია იყო, რომ ხელი არ უნდა შეშლოდათ.
ეს გადაწყვეტილება რომ დაეკმაყოფილებინა სასამართლოს და ჩვენი მიმართვის შემთხვევაში არსებობდა ამის თეორიული შანსი, რომ დაეკმაყოფილებინა, არ იქნებოდა კარგი კომპანიისთვის და ხელს შეუშლიდა, შეაფერხებდა საქმიანობას. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ქიბარ ხალვაშმა დაწერა განცხადება და ამ ნაწილში უარი თქვა ამ ღონისძიების გამოყენებაზე. ამიტომაც არის განჩინებაში მითითებული, რომ სასამართლომ განუხილველი დატოვა, ვინაიდან ჩვენ თვითონ მოვხსენით,”– განუცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა “ნეტგაზეთს”.
ქიბარ ხალვაშმა რუსთავის 2-ის წილის დაბრუნების საკითხზე სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა. 5 აგვისტოს სასამართლომ წილების და ქონების დაყადაღებაზე განჩინება უკვე გამოიტანა. დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს განჩინების საფუძველზე სამართლებრივი შეზღუდვები დაედო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პარტნიორების წილებსა და ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებას.
