ევროკავშირი საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება.
როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია ურთიერთგაგების მემორანდუმის გზით შეთანხმდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე. პატრიებმა, ასევე, ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ხაზს უსვამს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და ისეთი ქმედებების თავიდან აცილების საჭროებას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნას როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების შეუსაბამო პოლიტიზაცია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის ევროკავშირის, გერმანიის, ევროპის საბჭოს და შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე სამთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგი.
“მიღწეული შეთანხმება არის მისასალმებელი, მნიშვნელოვანი და ნათელი მაგალითი, რომელიც წარმოაჩენს ყველა მხარის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სურვილს, შეამცირონ საქართველოში არსებული არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაცია. ჩვენ ვულოცავთ ყველა ხელმომწერს, რომელთაც საქართველოს მოქალაქეების ინტერესები და დემოკრატიის კონსოლიდაცია პირველ ადგილზე დააყენეს. გვჯერა, ყველა მხარე დაიცავს შეთანხმებას და უზრუნველყოფს მის წარმატებით მიღებას საქართველოს პარლამენტში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, სწრაფად და სრულად შეასრულონ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, რათა მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ქართველი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ნდობის უმაღლესი ხარისხი მოიპოვოს.