ახალი ამბები

კორონავირუსი: ვინ ზრუნავს ბაზრების დეზინფექციაზე

11 მარტი, 2020 • 1358
კორონავირუსი: ვინ ზრუნავს ბაზრების დეზინფექციაზე

11 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კი სხვადასხვა საჯარო სივრცეში დეზინფექცია ტარდება. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაა თბილისის დიდ ბაზრებში, ტარდება თუ არა სადეზინფექციო სამუშოები და ვინ აკონტროლებს აღნიშნულ საკითხს.

თბილისში ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბაზრის, “თერგის” [“კიდობნის” მიმდებარედ] დირექტორის, ჯემალ ქადაგიშვილის თქმით, ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები 2 დღეში ერთხელ ტარდება. აღნიშნულ სამუშაოებს კი უშუალოდ ბაზრის დირექცია საკუთარი ხარჯებით ატარებს. მისი განმარტებით, სახელმწიფო უწყებები აღნიშნული ტერიტორიის დეზინფექციით არ დაინტერესებულან მიუხედავად იმისა, რომ ბაზარში ყოველდღიურად უამრავი ხალხი მოძრაობს:

“დეზინფექციას ორ დღეში ერთხელ ჩვენი ხარჯებით ვატარებთ, არავინ არ შეგვხმიანებია, რომ დეზინფექცია ჩაეტარებინა. სპეციალურ ხსნარებს ვიყენებთ ვირუსისგან თავის დასაცავად, თუმცა კლიენტების რაოდენობამ ბოლო დღეებში მაინც იკლო”, – განმარტა ქადაგიშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

კლიენტების სიმცირეზე ასევე საუბრობენ მოვაჭრეებიც, რომლებიც დეზინფექციის ჩატარებას ითხოვენ და მზად არიან, რამდენიმე დღის განმავლობაში დაიკეტოს კიდეც ბაზარი, რათა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის სრულფასოვანი სამუშაოები ჩატარდეს.

https://www.facebook.com/netgazeti/videos/2603387599938490/?eid=ARDw2hJXuiGUHdgarvEDOrLo5M5vXfoI7pRvjyWaEb2Wkv5Ms_ze2ahyE4XVNxa21thuBGE6NAy6TU_w

კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე კლიენტების რაოდენობა შემცირებულია “ნავთლუღის ბაზარშიც”. ამის შესახებ ინფორმაცია ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, შოთა ოთიურიძემ მოგვაწოდა. მისი თქმით, “ნავთლუღის ბაზრის” ტერიტორიაზე დეზინფექციის ჩატარებას ვერ ახერხებენ და ერთადერთი, რისი გაკეთების საშუალებაც აქვთ, გარკვეული ტერიტორიის წყლით მორეცხვაა. ოთიაურის თქმით, მათ რეკომენდაცია ტერიტორიის დეზინფექციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან არ მიუღიათ.

სადეზინფექციო სამუშაოების ჩაუტარებლობას უსახსრობით ხსნის ისანი-სამგორის რაიონში მდებარე “აგრარული ბაზარი და სავაჭრო ცენტრი”, სადაც, ძირითადად, საკვები იყიდება. ბაზრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კონსტანტინე ლაშხის განამრტებით, მათ რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმომადგენლები ესტუმრნენ, თუმცა მათი სტუმრობა მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლა და ტერიტორია არ შეუმოწმებიათ.

“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა დიღმის მასივში მდებარე “ცხოველებისა და ფრინველების” ბაზარს, რომელიც სამ ბაზარს აერთიანებს. ერთ-ერთი ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ლალი ვაშაკიძის თქმით, ბაზარში სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. 8 მარტს კი მათ სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებიც ესტუმრნენ და შეამოწმეს სადეზინფექციო სამუშოების ჩატარების პროცესი.

დანარჩენი ორი ბაზრის ადმინისტრატორის, გურამ ონიანის თქმით კი მათ სადეზინფექციო სამუშოების ჩასატარებლად სპეციალურად კომპანია ჰყავთ დაქირავებული, რომელიც კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე დეზინფექციისთვის სპეციალურ ხსნარებს იყენებს. გარდა ამისა, აღნიშნულ სამუშოებს პერიოდულად სოფლის მეორნეობის სამინისტროს წარმომადგენლებიც ამოწმებენ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა აქ აღნიშნეს, რომ აღნიშნული სამუშოების შემოწმება მათი პრეროგატივა არ არის. ასევე დავუკავშირდით თბილისის მერიასაც, სადაც გვითხრეს, რომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების პროცესის შემოწმება მათ არ ეხებათ. კერძო სექტორში მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოები ასევე არ ეხება ჯანდაცვის სამინისტროსაც.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ შექმნილი, კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენლის განმარტებით კი მათ გასცეს რეკომენდაციები, თუმცა ამ სამუშოების შემოწმება მათი პრეროგატივა არ არის და ეს მხოლოდ კერძო მესაკუთრეების პასუხისმგებლობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი