ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით პროკურორი დააკავეს

9 მარტი, 2020 • 1001
ქრთამის აღების ბრალდებით პროკურორი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომელი, პროკურორი დ.შ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, პროკურორმა მის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით.

“პროკურორმა დ.შ-მ ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ.შ-მ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი დ.შ.  საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება. ბრალდებულ დ.შ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე მიმართავს.

“ვთხოვთ საზოგადოებას, მსგავსი ფაქტების და ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დანაშაულის აღკვეთის და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას”, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი