ახალი ამბები

საია წუხს, რომ რიგგარეშეს შემთხვევაში პროპორციული არჩევნები 2024 წელს იქით გადაიწევს

9 მარტი, 2020 •
საია წუხს, რომ რიგგარეშეს შემთხვევაში პროპორციული არჩევნები 2024 წელს იქით გადაიწევს

საია მხარს უჭერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას და მას დემოკრატიულ წინსვლად აფასებს.

ამავდროულად, საია წუხს, რომ, დოკუმენტის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლის იქით გადაიწევს.

“მიუხედავად ამისა, მხარს ვუჭერთ შემოთავაზებულ ვერსიას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მაჟორიტარული და პროპორციული მოდელების შერევით წარმოქმნილ სისტემურ ხარვეზებს და იძლევა შესაძლებლობას, არჩევნები ჩართული მხარეების მიერ აღიარებული თამაშის წესებით ჩატარდეს. ერთობლივად გამოქვეყნებული განცხადების ტექსტის და საკანონმდებლო მუშაობის ლოგიკის კვალდაკვალ, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წინ აქვს სკურპულოზური სამუშაო, რომელმაც, ერთი მხრივ, პროპორციული არჩევნების შედეგების სამართლიანი განაწილებას წესი, ხოლო, მეორე მხრივ, მაჟორიტარული ოლქების საზღვრები უნდა დაადგინოს”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედოვნებს, რომ პროცესი საპარლამენტო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განწყობით გაგრძელდება, შეთანხმება კი საფუძვლად დაედება წინასაარჩევნო პროცესების მშვიდ გარემოში წარმართვას.


ელჩების შუამავლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმების თანახმად, 2020 წელს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული – 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება. გათალისწინებული იქნება ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს შესაძლებლობას, პროპორციულ არჩევნებში ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა უმრავლესობის შექმნა და მთავრობის დაკომპლექტება შეძლოს.

საქართველოს კონსტიტუციით, 2020 წლის შემდგომ საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა შეთანხმებით გათვალისწინებულია, რომ 2020 დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად, ყველა მომდევნო კი სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული
წესის მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი