ახალი ამბები

აშშ-ის კონგრესის ორი წევრი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მოექცევა

9 მარტი, 2020 • 1256
აშშ-ის კონგრესის ორი წევრი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მოექცევა

აშშ-ის კონგრესის ორი წევრი – სენატორი ტედ კრუზი და წარმომადგენელთა პალატის წევრი პოლ გოსარი – თვითოზოლაციაში მოექცევიან, მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ახლანდელ კონფერენციაზე კონტაქტი ჰქონდათ ადამიანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

როგორც კრუზი და გოსარი აცხადებენ, იზოლაცია უსაფრთხოებისთვის გადაწყვიტეს და ამჟამად ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ.

სენატორ კრუზის თქმით, 14 დღის განმავლობაში იზოლაციაში იქნება, ხოლო კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთან „ხანმოკლე საუბარი ჰქონდა და ხელი ჩამოართვა“. კრუზის განცხადებით, ეს 10 დღის წინ მოხდა, კონტაქტი კი ერთ წუთზე ნაკლები იყო.

რაც შეეხება პოლ გოსარს, როგორც ის ამბობს, მას და მისი ადმინისტრაციის სამ წევრს ინფიცირებულ პირთან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა და რამდენჯერმე მას ხელი ჩამოართვეს. იგი აცხადებს, რომ სახლში იქნება 14 დღის განმავლობაში, მისი ადმინისტრაცია კი ერთი კვირით არ იმუშავებს.


ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოში 110 ათას ადამიანს დაუდასტურდა ლაბორატორიულად, აქედან 62 ათასი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 800-ზე მეტი. საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი