ახალი ამბები

ირაკლი (დაჩი) ბერაია 120/30-ზე სისტემას მხარს უჭერს

9 მარტი, 2020 •
ირაკლი (დაჩი) ბერაია 120/30-ზე სისტემას მხარს უჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების წინააღმდეგი იყო, აცხადებს, რომ მხარს უჭერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას.

“სრულად პროპრციული სისტემაზე გადასვლა ჩვენ 2 მიზეზით გავაპროტესტეთ: რეგიონებს არ დარჩებოდათ წარმომადგენელი პარლამენტში და მეორე თუნდაც 49%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში, ძალიანდ დიდი იყო სამთავრობი და პოლიტიკური კრიზისის შანსი”, – აცხადებს ბერაია.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს შეთანხმდა, რომ 2020 წლის არჩევნები კვლავაც შერეული (პროპორციულ/მაჟორიტარული) საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა მნიშვნელოვნად იცვლება თანაფარდობა სიით ანუ პროპორციული წესით არჩეულ და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის.

2016 წელს საქართველოში 77 დეპუტატი აირჩიეს პროპორციული (სიით) წესით და 73 მაჟორიტარი. ახლა ეს ბალანსი იცვლება: 2020 წელს სიით 120 დეპუტატს აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარული წესით – 30. განსხვავდება საარჩევნო ბარიერიც: თუ 2016 წელს მინიმალური ბარიერი  (ანუ ზღვარი რის შემდეგაც პარტიას/გაერთიანებას პარლამენტში შესვლის უფლება ენიჭება) 5% იყო, 2020 წელს 1 პროცენტი იქნება.

“რეგიონებს მაინც ეყოლებათ ნაკლები, მგარამ თავისი წარმომადგენელი და 42, 43 პროცენტის ხმარდაჭერის შემთხვევაში, ფაქტობრივად, გამორიცხულია კრიზისი. მივესლამები კონსენსუსს”, – აცხადებს ბერაია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი