ახალი ამბები

ქუთაისში ჰოლანდიელ ტურისტს ეძებენ

9 მარტი, 2020 • 2198
ქუთაისში ჰოლანდიელ ტურისტს ეძებენ

ქუთაისში რამდენიმე დღეა ჰოლანდიელ ტურისტს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი – სიმ ვიგერი (Siem Wigger) გუშინ რესტორანში იმყოფებოდა, იქიდან გამოსვლისას კი უეცრად გაუჩინარდა.

„დაკარგვამდე ის იმყოფებოდა ქუთაისის რესტორან „ბარაქაში“ მეგობართან ერთად, სადაც მათ ალკოჰოლი მიიღეს. წასვლისას, გაემართნენ ქუთაისის მაკდონალდსის მიმართულებით და სწორედ ამ დროს დაკარგეს ერთმანეთი. ჩემი ძმა იმ ღამეს ჰოსტელში არ დაბრუნებულა, ტელეფონზეც ვერ ვუკავშირდებით. Siem Wigger-ს აქვს გრძელი ყავისფერი ხუჭუჭა თმა, აცვია ლურჯი ჯინსი და გრძელსახელოებიანი ნაცრისფერი მაისური,“ – წერს დაკარგულის და ფეისბუკზე.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დაკარგულის შესახებ განცხადება უწყებაში გუშინ 7 მარტს შევიდა. ამჟამად კი მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა სასტუმროს ადმინისტრატორს, თამუნა კვანტალიანს, რომელმაც გვითხრა, რომ დაკარგულის თანმხლები სასტუმროში გვიან დაბრუნდა, თავად სიმს კი დილამდე ელოდნენ, თუმცა ის არ გამოჩნდა.

თამუნა კვანტალიანი ასევე გვიყვება, რომ სასტუმრო რესტორანთან ახლოს არის, შესაბამისად, კაცს არ უნდა გასჭირვებოდა უკან დაბრუნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი