2016-ის არჩევნები, რომ 120/30-ზე მოდელით ჩატარებულიყო

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს შეთანხმდა, რომ 2020 წლის არჩევნები კვლავაც შერეული (პროპორციულ/მაჟორიტარული) საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა მნიშვნელოვნად იცვლება თანაფარდობა სიით ანუ პროპორციული წესით არჩეულ და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის. როგორი იქნებოდა მოქმედი პარლამენტი არჩევნები, რომ ამ ახალი მეთოდით ჩატარებულიყო 2016 წელს?

2016 წელს საქართველოში 77 დეპუტატი აირჩიეს პროპორციული (სიით) წესით და 73 მაჟორიტარი. ახლა ეს ბალანსი იცვლება: 2020 წელს სიით 120 დეპუტატს აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარული წესით – 30. განსხვავდება საარჩევნო ბარიერიც: თუ 2016 წელს მინიმალური ბარიერი  (ანუ ზღვარი რის შემდეგაც პარტიას/გაერთიანებას პარლამენტში შესვლის უფლება ენიჭება) 5% იყო, 2020 წელს 1 პროცენტი იქნება.

თუ 2016 წლის არჩევნების შედეგებს 120/30-ზე და 1-პროცენტიანი ბარიერით დავთვლით, გამოდის, რომ 2016 წელს ეს მოდელი ბევრად მრავალაპარტიულ შედეგს მოიტანდა. კერძოდ პარლამენტში 8 პარტია შევიდოდა ნაცვლად სამისა.

2016-ის შედეგი 77/73 მოდელით 5-პროცენტიანი ბარიერით

  1. “ქართული ოცნება” – 115 მანდატი
  2. ენმ – 27
  3. პატრიოტთა ალიანსი – 6
  4. სალომე ზურაბიშვილი – 1 (მაჟორიტარი)
  5. სიმონ ნოზაძე – 1 (მაჟორიტარი)

2016-ის შედეგი 120/30-ზე 1-პროცენტიანი ბარიერით

  1. “ქართული ოცნება” – 89 მანდატი
  2. ენმ – 33
  3. პატრიოტთა ალიანსი – 7
  4. თავისუფალი დემოკრატები – 6
  5. ნინო ნურჯანაძე/დემოკრატები – 5
  6. პაატა ბურჭულაძე/სახელმწიფო ხალხისთვის – 5
  7. ლეიბორისტები – 4
  8. რესპუბლიკელები – 1

შენიშვნა: საერთო ჯამში 7 მანდატი გაუნაწილებელი დარჩა. ჯერ უცნობია გაუნაწილებელი მანდატების რა ფორმულა ჩაიდება საარჩევნო კოდექსში, თუმცა ვივარაუდეთ, რომ ძალაში დარჩება ის წესი, რომელიც 2024-ში უნდა ამოქმედდეს, როცა გაუნწილებელი მანდატები რიგითობით ნაწილდება საუკეთესო შედეგი მქონე პარტიებზე და საერთო განაწილებაში ამ მოდელით ვიხელმძღვანელეთ.

“ქართული ოცნება”

ამ მოდელით “ოცნება”, რომელმაც 2016 წელს ხმების 48% აიღო, პროპორციული წესით მიიღებდა 59 მანდატს. “მმართველი პარტია” სავარაუდოდ მოიგებდა 30-ივე მაჟორიტარულ ოლქს (2016-ში “ოცნებამ ყველა ოლქი მოიგო გარდა ორისა, მთაწმინდაზე – სალომე ზურაბიშვილს არ დააუყენა კანდიდატი, ხოლო ხაშურში სიმონ ნოზაძესთან წააგო. შემდეგ ნოზაძე უმრავლესობის წევრი გახდა) და საბოლოო ჯამში მიიღებდა 89 მანდატს, ნაცვლად საკონსტიტუციო უმრავლესობისა (113 მანდატზე მეტი). ამ შედეგით “ქართული ოცნება” ხელისუფლების დაკომპლექტებას დამოუკიდებლად შეძლებდა, თუმცა მარტო ვერ განახორციელებდა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 27%-იანი მხარდაჭერით მიიღებდა 33 მანდატს, ნაცვლად 27-ისა, რომელიც მათ 77/73-ზე მოდელის პირობებში მიიღეს. აღსანიშნაავია, რომ 2016 წლის არჩევნების დროს ენმ და ევროპული საქართველო ერთი პარტია იყო. ენმ ამ შედეგითა და მოდელით 2016 წელს პარლამენტში დამატებით 5 დეპუტატს შეიყვანდა, მათ შორის ნინო კალანდაძეს, მიშა მაჭავარიანს, გიორგი ღვინიაშვილს და ა.შ.

პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსი მიიღებდა 7 მანდატს, 2016 წლის შედეგზე ერთით მეტს. პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლობას გოჩა თევდორაძე დაემატებოდა.

თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალმა დემოკრატებმა 2016 წელს 4.6 პროცენტი აიღეს და ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს, შესაბამისად ვერც პარლამენტში შევიდნენ. იმ სისტემით, რომლითაც 2020-ის არჩევნები უნდა ჩატარდეს საქართველოში, თაავისუფალი დემოკრატები 2016 წელს პარლამენტში შევიდონენ და 6 დეპუტატსაც შეიყვანდნენ:

დეპუტატები, რომლებიც თავისუფალი დემოკრატების სიით პარლამენტში შევიდოდნენ:

  • ირაკლი ალასანია (ტაიმაუტი აიღო პოლიტიკიდან)
  • ვიქტორ დოლიძე (დაინიშნა ელჩად)
  • ნინო გოგუაძე (რჩება თავისუფალ დემოკრატებში)
  • ზურაბ აბაშიძე (დაინიშნა ელჩად)
  • შალვა შაავგულიძე (რჩება თავისუფალ დემოკრატებში)
  • ირაკლი ჩიქოვანი (მუშაობს მთავრობაში)

ნინო ბურჯანაძე/დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატების მსგავსად 5%-იანი ბარიერი ვერც ნინო ბურჯანაძემ გადალახა 2016 წელს. 1-პროცენტიანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში ის პარლამენტში 5 დეპუტატს შეიყვანდა:

  • ნინო ბურჯანაძე
  • დიმიტრი ლორთქიფანიძე (დატოვა პარტია და დღეს მუშაობს პრიმაკოვის ფონდში)
  • გიგლა ბარამიძე
  • ანზორ ბიწაძე
  • გიორგი ახვლდენიანი.

პაატა ბურჭულაძე/სახელმწიფო ხალხისთვის – 5

1-პროცენტიანი ბარიერის პირობებში პარლამენტში 5 დეპუტატს შეიყვანდა პაატა ბურჭულაძე/სახელმწიფო ხალხისთვის, რომელმაც 5-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა. ესენი არიან:

  • პაატა ბურჭულაძე
  • გიორგი ვაშაძე (“ახალი საქართველოსთვის” ლიდერი)
  • დავით ჯანდიერი
  • ირაკლი ყიფიანი
  • დავით კიზირია

ლეიბორისტები 

4 დეპუტატით იქნებოდნენ წარმოდგენილნი პარლამენტში ლეიბორისტები, რომლებმაც ასევე ვერ შეძლეს 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა. ესენი არიან:

  • შალვა ნათელაშვილი
  • გიორგი გუგავა
  • პაატა ჩოხელი
  • ლეილა გაფრინდაშვილი

რესპუბლიკელები

რესპუბლიკური პარტია პარლამენტში ერთ დეპუტატს შეიყვანდა: დავით უსუფაშვილს. როგორც ცნობილია, მან მოგვიანებით პარტია დატოვა და “შენების მოძრაობა” დააფუძნა. 2020 წელს უსუფაშვილი არჩევნებში “ლელოსთან” ერთად იღებს მონაწილეობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com