ახალი ამბები

კორონავირუსი: იტალიამ 16 მილიონამდე ადამიანს საკარანტინო რეჟიმი დაუწესა

8 მარტი, 2020 • 3403
კორონავირუსი: იტალიამ 16 მილიონამდე ადამიანს საკარანტინო რეჟიმი დაუწესა

კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიის ხელისუფლებამ რადიკალური ზომების მიღება დაიწყო – იტალიის ჩრდილოეთით მდებარე 15 რეგიონში საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა.

საკარანტინო რეჟიმის დაწესება ნიშნავს, რომ ამ რეგიონებში მცხოვრებ 16 მილიონამდე ადამიანს 3 აპრილამდე ეზღუდება გადაადგილება სპეციალური ნებართვის გარეშე. ასევე იზღუდება ამ რეგიონებში შესვლა. გარდა ამისა, 16 მილიონამდე ადამიანს რამდენიმე კვირის განმავლობაში ცხოვრება მოუწევს შემდეგი პირობებით:

  • არ ჩატარდება საქორწინო და დაკრძალვის ცერემონიები;
  • შეწყდა რელიგიური და კულტურული ღონისძიებები;
  • დაიხურა ღამის კლუბები, ფიტნეს დარბაზები, საცურაო აუცები, მუზეუმები და სამთო კურორტები;
  • რესტორნებსა და კაფეებს მუშაობა შეეძლებათ 06:00 საათიდან 18:00 საათამდე, თუმცა ვალდებულები იქნებიან, მომხმარებლები ერთმანეთისგან 1 მეტრის დისტანციით დასვან;
  • ადამიანებმა მაქსიმალურად აარიდონ თავი სახლიდან გასვლა.

მას, ვინც კარანტინის ამ წესებს დაარღვევს, 3 თვემდე პატიმრობა ემუქრება.

გარდა ამისა, 10 დღით შეწყდა სწავლა მთელი იტალიის მასშტაბით არსებულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში.

კარანტინი ეხება მილანსა და ფლორენციასაც.

ნახეთ კარანტინში მოქცეული რეგიონები
Lombardy, Modena, Parma, Piacenza, Reggio Emilia, Rimini, Pesaro and Urbino, Alessandria, Asti, Novara, Verbano Cusio Ossola, Vercelli, Padua, Treviso, Venice.

როგორც BBC იტყობინება, რადიკალური ზომების მიზეზი გახდა იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რადიკალური ზრდა. ბოლო 24 საათში 1 200 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვმა 5 883-ს მიაღწია. გარდა ამისა, ერთ დღეში 36 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა რაოდენობა კი უკვე 230 გახდა.

შემთხვევების ზრდა ფიქსირდება ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში და ა.შ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, 7 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსი მსოფლიოს 95 ქვეყანაშია დაფიქსირებული, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 103 ათასს გადააჭარბა. საქართველოში 13 შემთხვევაა რეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი