ახალი ამბები

WHO-მ საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები შეასწორა

8 მარტი, 2020 • 3214
WHO-მ საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები შეასწორა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) შეასწორა სტატისტიკური მონაცემები, რომელიც საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს ასახავდა.

7 მარტის საღამოს WHO-ს საიტზე მითითებული იყო, რომ საქართველოში 48 შემთხვევა დადასტურდა, რის შემდეგაც ნეტგაზეთმა ინფორმაციის გარკვევა დაიწყო როგორც WHO-სთან, ისე საქართველოს დააავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ეს არასწორი მონაცემი იყო და ხარვეზის გასასწორებლად დაუკავშირდებოდა WHO-ს.

მოგვიანებით, აღნიშნული მონაცემები რამდენჯერმე შეიცვალა. 8 მარტის დილის 12 საათის მონაცემებით WHO-ს საიტზე აღნიშნულია, რომ საქართველოში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული (7 მარტის მონაცემებით). 7 მარტს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაადასტურა მე-13 შემთხვევის არსებობა. ეს მონაცემი WHO-ს  საიტზე ჯერ ასახული არ არის.

ნეტგაზეთმა WHO-სგან ელექტრონულად მიიღო პასუხი, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოზე მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები შეცდომა იყო, რომელიც გასწორებულია.

8 მარტის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია ვირუსის 13 შემთვევა, რამდენიმე ათეული ადამიანი კლინიკებსა და საკარანტინო სივრცეებშია მოთავსებული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 7 მარტის მონაცემებით, კორონავირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 95 ქვეყანაში, ინფიცირებულია 103 168 ადამიანი, გარდაცვლილია 3 507. შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთშია რეგისტრირებული, ევროპაში ყველაზე მასშტაბური აფეთქების კერა იტალიაშია, სადაც ინფიცირებულთა რაოდეონობამ  4 600-ს გადააჭარბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი