ახალი ამბებირეკლამა

სამშენებლო კომპანია „დაგის“ განცხადება მულტიფუნქციური სკოლის შესახებ

7 მარტი, 2020 • 1927
სამშენებლო კომპანია „დაგის“ განცხადება მულტიფუნქციური სკოლის შესახებ

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და კომპანია “დაგის” შორის 2019 წლის 29 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ 19 812 732 ლარის სანაცვლოდ ვალდებულება აიღო დიდი დიღმის ტერიტორიაზე დაეპროექტებინა და აეშენებინა მულტიფუნქციური სკოლა, რომელიც ექსპლუატაციისათვის მზად 2019 წლის 15 სექტემბერს უნდა ყოფილიყო.

მშენებლობის ეტაპზე დამატებითი სამუშაოების (როგორიცაა სკოლასთან მიმავალი გზის და წყალგაყვანილობის მოწყობის, გაზსადენის შეჭრის და ა.შ.) შესრულების აუცილებლობის გამო ცვლილება შევიდა როგორც ხარჯთაღრიცხვაში, ასევე დასრულების ვადაში და განისაზღვრა 2019 წლის 22 ნოემბრით.

„დაგისთვის” დიდი გამოწვევა იყო 1300 ბავშვზე გათვლილი, მაღალი სტანდარტების, მულტიფუნქციური სკოლის შენობის აშენება. კომპანიამ თამამად გაართვა თავი ამ გამოწვევას და 7 თვეში 15000 მ2 ფართის სკოლის შენობა ააგო. სკოლა 2019 წლის 22 ნოემბერს მზად იყო გახსნისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამშენებლო სამუშაოები შესრულდა ხარისხიანად. სრულად მოწესრიგდა შენობა და შიდა მოედნის ინფრასტრუქტურა.

წლების წინ, 2014-2015 წლებში მზევინარ ანსიანი, შალვა თადუმაძის მეუღლე კომპანიას იურიდიულ კონსულტაციას უწევდა. აქედან გამომდინარე, “დაგის” ხშირად უკავშირებენ სხვადასხვა გავლენიან სახელისუფლებო პირებს და მათ ოჯახის წევრებს [მაგალითად, ალექსანდრე ივანიშვილს და შალვა თადუმაძეს], რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ცილისწამებას ,,დაგი” დაუპირისპირდება კონკრეტული საქმეებით.  „დაგი“ ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც ქვეყნის ინფრასტრუქტურის შექმნა/განახლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

,,დაგის” ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე შესრულებული აქვს ისეთი მნიშვნელოვანი და საგულისხმო პროექტები, როგორიცაა: ამბროლაურის აეროპორტი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სათაფლიის მღვიმე, მესტიის თეატრი და მთლიანად მესტიის რეაბილიტაცია, ქუთაისის ოპერა, ღვინის ქარხნები, ახალი აღმაშენებლის, დინამო არენასა თუ წყალტუბოს პარკის რეაბილიტაციის პროექტები, წილკანისა და მარტვილის საჯარო სკოლები, ზუგდიდის იუსტიციის სახლი, და უამრავი სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი