ახალი ამბები

ორ დღეში 8 მარტია, ჩვენი ამოცანა ამ დღის სიმბოლურად აღნიშვნა არ არის – გახარია 

6 მარტი, 2020 • 2688
ორ დღეში 8 მარტია, ჩვენი ამოცანა ამ დღის სიმბოლურად აღნიშვნა არ არის – გახარია 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ყველა სამინისტრომ პოლიტიკის დონეზე აიყვანოს, პრიორიტეტად აქციოს ეს  საკითხი და საჯაროდ დაგმოს ძალადობა. 

პრემიერის განცხადება პრესსამსახურმა გაავრცელა და მის ფეისბუკის გვერდზეც გამოქვეყნდა: 

“ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე! ამ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ! 

მართალია, ჩვენ გვაქვს კარგი კანონმდებლობა და საერთო ძალისხმევით ბევრი გაკეთდა, თუმცა, ფაქტია, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რადგან სურათი დამძიმდა. ბოლო ორ თვეში 8 ქალი საკუთარმა ოჯახის წევრმა მოკლა.

თავის დროზე ერთიანმა მუშაობამ სერიოზული შედეგი გამოიღო, ამიტომ ყველა საჯარო უწყება, სამოქალაქო საზოგადოება, მედია თუ საერთაშორისო პარტნიორები კვლავაც უნდა გავერთიანდეთ. 

პირველ რიგში, მოგიწოდებთ კაცებს – ჩაერთეთ სოციალურ კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. 

ასევე, მოგიწოდებთ ყველა ჩემი კაბინეტის წევრს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, სპორტსმენებს, პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებს და სხვებს – დაგმეთ ასეთი ფაქტები საჯაროდ. ზოგადად, მნიშვნელოვანია ყველა სამინისტრომ პოლიტიკის დონეზე აიყვანოს, პრიორიტეტად აქციოს ეს საკითხი და საჯაროდ დაგმოს ძალადობა. 

ორ დღეში 8 მარტია. 

ჩვენი ამოცანა არ არის ამ დღის სიმბოლურად აღნიშვნა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ყოველდღიურად ვხედავდეთ პროგრესს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით”- აცხადებს პრემიერ-მინისტრი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი