ახალი ამბები

მედიაკოალიცია სახალხო დამცველს აჭარა ტვ-ზე ანგარიშის მომზადებას სთხოვს

6 მარტი, 2020 • 835
მედიაკოალიცია სახალხო დამცველს აჭარა ტვ-ზე ანგარიშის მომზადებას სთხოვს

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ შეშფოთებას გამოთქვამს აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და სახალხო დამცველს მიმართავს თხოვნით, მაუწყებლის შესახებ სპეციალური ანგარიში მოამზადოს.

„მიგვაჩნია, რომ ობიექტური და დამოუკიდებელი არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის საფრთხე აშკარაა, შექმნილი ვითარება კი საგანგაშო ხასიათს ატარებს“, – წერს კოალიცია.

ორგანიზაციები წერენ, რომ არხის მენეჯმენტისა და მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა არაერთხელ დაარწმუნეა ისინი, რომ „საფრთხის წინაშე დგანან მაუწყებელში დასაქმებული კრიტიკული აზრის მქონე თანამშრომლები, რომლებიც ცდილობენ დაიცვან სარედაქციო დამოუკიდებლობა“.

„გვაქვს მოლოდინი, რომ მათ მიმართ გამძაფრდება დევნის და დისკრიმინაციის შემთხვევები“, – წერენ ისინი.

„ვფიქრობთ, კრიტიკულია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის, როგორც ღირებულების შენარჩუნების საკითხიც. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ინტერესებით მოტივირებული ხელოვნური კრიზისები აფერხებს საჯარო დაფინანსებით მოქმედ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის საქმიანობის უმთავრეს მიზანს საზოგადოებისთვის გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება წარმოადგენს. შექმნილმა ვითარებამ ქმედითი დახმარების საჭიროების წინაშე დაგვაყენა“ – წერია განცხადებაში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კოალიცია სახალხო დამცველს მიმართავს თხოვნით, „კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტის შენარჩუნებას და მოამზადოს სპეციალური ანგარიში სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შესახებ“.

სახალხო დამცველს პროცესებში ჩართვისკენ ტელევიზიის დამოუკიდებელმა პროფკავშირმაც მოუწოდა.


თითქმის ერთი წელია საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.

ეტალებისთვის გირჩევთ:

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში? – 12 კითხვა, 12 პასუხი

მასალების გადაბეჭდვის წესი