ახალი ამბები

რეკომენდაციები ორსულებსა და მეძუძურ დედებს კორონავირუსთან დაკავშირებით

6 მარტი, 2020 • 1316
რეკომენდაციები ორსულებსა და მეძუძურ დედებს კორონავირუსთან დაკავშირებით

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რასაც უკვე ემსხვერპლა 3 300-ზე მეტი ადამიანი, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ავრცელებს ინფორმაციასა და რეკომენდაციებს ორსულებთან, ასევე მეძუძურ დედებთან დაკავშირებით.

“ჯერჯერობით, დღემდე არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მეტად მოწყვლადი COVID-19 ვირუსის მიმართ. თუმცა, ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ორსული ვირუსული რესპირაციული ინფექციებისადმი უფრო დაუცველი გახადოს. სასუნთქი გზების დაავადების მქონე ორსული ქალების მკურნალობა უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, არასახარბიელო შედეგების მომატებული რისკიდან გამომდინარე”, – აცხადებს UNFPA.

გაეროს მოსახლეობის ფონდის განცხადებით, ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული, როგორიცაა ახლო კონტაქტის არიდება იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს. მათ ხელები ხშირად უნდა დაიბანონ საპნითა და წყლით, ან ხელები სპირტიანი ხსნარით გაიწმინდონ, პირსა და ცხვირზე ხელსახოცი აიფარონ, ან მოხრილ მკლავში დაახველონ და დააცემინონ, ასევე, ხორცი და კვერცხები კარგად დაამუშაონ. ყველა რეკომენდებული ღონისძიება ხელმისაწვდომია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

გაეროს მოსახლეობის ფონდისვე ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ვირუსის პრევენცია ან მკურნალობა, მაგრამ არსებობს რეკომენდებული ღონისძიებები სიმპტომებთან დაკავშირებით. თუ ორსული ქალების მიმართ არსებობს ეჭვი, რომ მათ COVID-19 ვირუსი აქვთ, ან ინფიცირება დაუდასტურდებათ, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ, მათ მეან-გინეკოლოგთან მჭიდრო კონსულტაციით.

მეძუძური დედები ახალშობილისგან არ უნდა გააცალკევონ, რამდენადაც, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რესპირაციული ვირუსები შეიძლება ბავშვს დედის რძით გადაეცეს. დედას შეუძლია ძუძუთი კვება განაგრძოს იმის გათვალისწინებით, რომ ამავე დროს აუცილებელი შესაბამისი ზომები იქნება მიღებული:

  • სიმპტომების მქონე დედებმა, რომლებიც საკმარისად კარგად გრძნობენ თავს იმისთვის, რომ ბავშვი თავისი რძით გამოკვებოს, ნიღაბი უნდა ატარონ, როცა ბავშვთან ახლოს იქნებიან (კვების დროსაც), მათ ხელები უნდა დაიბანონ ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ (კვების ჩათვლით), ასევე  დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია უნდა უზრუნველყონ;
  • თუ დედა ძალიან ავად არის ძუძუთი კვებისთვის, მას უნდა ურჩიონ, რომ რძე გამოიწველოს და შემდეგ ბავშვი სუფთა ჭიქიდან/ან კოვზიდან გამოკვებოს – და ამ დროს აუცილებელია ნიღბის ტარება, ხელების დაბანა ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ, ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ინფიცირებული პირებისთვის, ოჯახებისთვის, საზოგადოებისა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, რეაგირების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

“გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ვირუსით დაზარალებული ადამიანების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ქალების და გოგონების გვერდით დგას, რომელთა დაცვას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს ცენტრალური ნიშვნელობის ადგილი უნდა ეჭიროს რეაგირებაზე მიმართული ძალისხმევების განხორციელებისას. ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვმუშაობთ ჩვენს პერსონალთან ერთად, რათა გადავხედოთ შიდა მზადყოფნის მდგომარეობას, ასევე ჩვენს თანამშრომლობას პარტნიორებთან, მთავრობებსა და საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ვემსახურებით ეპიდემიის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიზნით”, – აცხადებს UNFPA.


მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 100 ათასამდე ადამიანი, მათგან 3 300 გარდაიცვალა, 50 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, დანარჩენები კი აგრძელებენ მკურნალობას. 5 მარტის მონაცემებით, საქართველოში ვირუსი 9 ადამიანს დაუდგინდა, რომელთაგან 7 იტალიიდან ჩამოვიდა, 2 კი – ირანიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი