საქართველოს სახალხო დამცველმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დისკრიმინაცია დაუდგინა და რეკომენდაციით მიმართა.
ომბუდსმენის თანახმად, განმცხადებლები მოწვეული ლექტორის სტატუსით წლების განმავლობაში კითხულობდნენ ლექციებს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.
ისინი ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობის შესახებ საჯაროდ გამოხატავდნენ კრიტიკულ მოსაზრებებს, რის გამოც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა მათ მიწვეულ პროფესორად დასაქმებაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის დასადასტურებლად განმცხადებლებმა ელექტრონული მიმოწერა წარმოადგინეს.
„სახალხო დამცველის შეფასებით, საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გაანალიზებამ ცხადყო, რომ განმცხადებლების უფლებაში ჩარევის საფუძველს რეალურად წარმოადგენდა მათ მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები, რაც მიუღებელი აღმოჩნდა დამსაქმებლისთვის.
მოპასუხემ კი ვერ წარმოადგინა სათანადო და დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომელიც სახალხო დამცველს განმცხადებლების მიმართ წარმოშობილ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს გაუქარწყლებდა,“ – ნათქვამია განცხადებაში.
ამის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი წერს, რომ რეკომენდაციით მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, 2020-2021 წლების და შემდგომ სასწავლო სემესტრებში განიხილოს განმცხადებლებთან შრომითი ხელშეკრულების დადების საკითხი;
ასევე, შეიმუშავოს შიდა სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც დაარეგულირებს ლექტორად მოწვევის საკითხს იმგვარად, რომ ნათელი და განჭვრეტადი იყოს კანდიდატებისათვის ის კრიტერიუმები, რაც შეიძლება დასაქმებაზე უარის თქმის საფუძველი იყოს. ამასთანავე, უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.
ნეტგაზეთმა მიმართა უნივერსიტეტს საპასუხო კომენტარისთვის. მათი განცხადების მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.
განახლება: თსუ-ს პრესსამსახურმა, მომხდართან დაკავშირებით განცხადება მოგვაწოდა, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული პირების შრომით უფლებები არ დარღვეულა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 27 თებერვლის რეკომენდაციებში აღნიშნული პირების უფლებები შრომითი ურთიერთობების არცერთ ეტაპზე არ დარღვეულა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად პერსონალის მოწვევა ხდება უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მიერ დადგენილი წესისა და საქართველოს შრომის კოდექსის საფუძველზე.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ზედმიწევნით იცავს პერსონალთა მოწვევის წესს. ამ კონკრეტული ლექტორების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს, რომ ისინი არ არიან აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირები, მათთან თსუ-ს ჰქონდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება გარკვეული ვადით, რომელიც ამოიწურა. ამდენად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან უფლების დარღვევას, მით უმეტეს მიზანმიმართულად, არ აქვს ადგილი.
იგი მოქმედებს მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში. უნივერსიტეტი ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,“.