ახალი ამბები

25 წელში საქართველოს პარლამენტში ქალთა მონაწილეობა არსებითად არ შეცვლილა – UNDP

6 მარტი, 2020 • 851
25 წელში საქართველოს პარლამენტში ქალთა მონაწილეობა არსებითად არ შეცვლილა – UNDP

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი ანგარიშის თანახმად, პარლამენტში ქალთა 15-პროცენტიანი წარმომადგენლობით, საქართველო ევროპისა და აზიის 56 ქვეყნის შორის 53-ე ადგილზეა.

UNDP-ის ახალი ვებ-პლატფორმა #EqualFuture მიხედვით, თუ ამ მიმართულებით ტენდენცია არ შეიცვალა, 2030 წლამდე მდგრადი განვითარების მიზნების ჭრილში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის მიღწევა ნაკლებად მოსალოდნელია.

„ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში ქალთა მონაწილეობა არსებითად არ შეცვლილა.
1995 წელს არსებული 7-პროცენტიანი მაჩვენებელი 2019 წლის მონაცემებით მხოლოდ 15 პროცენტამდე
გაიზარდა.

ამ დროს, ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში ქალების
რიცხვი მატულობს და საშუალოდ 24.6 პროცენტს აღწევს, რაც მსოფლოს საშუალო მაჩვენებელთან, ანუ 24.9
პროცენტთან ახლოსაა,“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

UNDP-ის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის თქმით, “გამაოგნებელია, რომ ქართველი ძალზედ ნიჭიერი, გამბედავი და განათლებული ქალების პოტენციალი არ არის სათანადოდ გამოყენებული ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური განვითარებისთვის.“

ის ასევე მოუწოდებს ყველა მხარეს, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს ქმედითი ნაბიჯი გადადგან არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებში ქალების რაოდენობა მატულობს, მსოფლიოს მასშტაბით არჩეულ პოლიტიკოსებს შორის მათი რიცხვი ერთ მეოთხედს არ აღემატება.

„პოლიტიკაში კარიერულ გზაზე ქალები ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციას, პატრიარქალურ მიდგომას, რესურსების ნაკლებობას და ასევე უამრავ სტერეოტიპს მედიასა და საზოგადოებაში.

ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ბოლო დროს გაღვივებული ქალი პოლიტიკოსების მიმართ ძალადობა, განსაკუთრებით კი გენდერული ნიშნით კიბერ ძალადობა,“- ვკითხულობთ განცხადებაში.

UNDP ამბობს, რომ გენდერული კვოტირება არჩეული პოლიტიკოსების რიგებში უფრო მეტი ქალის გამოჩენის ყველაზე ეფექტურ ხელსაწყოდ რჩება.

ორგანიზაციის განმარტებით, ევროპის თერთმეტ ქვეყანაში მიღებულმა კვოტამ რვა შემთხვევაში ქალი პარლამენტარის რიცხვი საგრძნობლად გაზარდა, თუმცა უფრო მეტი სისტემური ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ პოლიტიკის სფეროში გენდერული თანასწორობის პრინციპები საბოლოოდ დამკვიდრდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი