ახალი ამბები

კორონავირუსის გამო ციხეებში პაემნები დროებით შეიზღუდა

6 მარტი, 2020 • 1428
კორონავირუსის გამო ციხეებში პაემნები დროებით შეიზღუდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, კორონავირუს COVID-19-ის გავრცლეების რისკების გამო ციხეებში სპეციალური წესები ამოქმედდა, რაც სხვადასხვა შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა.

უწყების ინფორმაციით,სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა კანონის შესაბამისად გამოსცა ბრძანება 2020 წლის 5-დან 19 მარტის ჩათვლით პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღებასთან დაკავშირებით.

ამ წესის მიხედვით:

განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.

ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება.

და ბოლოს, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში
ახალშემოსული ბრალდებული/მსჯავრდებული განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/
მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.

5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა, ათეულობით პაციენტს კი აკვირდებიან საავამდყოფოებსა და საკარანტინო სივრცეებში.

ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 162 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

მთავარი რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს, არის:

  • დაიცავით პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, ხშირად დაიბანეთ ხელები;
  • გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მოერიდეთ მოგზაურობას;
  • იტალიიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ თვითიზოლაციას საკუთარ სახლში, თუ ამის საშუალება არ არსებობს, იმ შემთხვევაში კარანტინში უნდა მოთავსდეთ;

კორონავირუსი: პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი