ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები, 5 მარტის საღამოს მდგომარეობით, საქართველოში 9-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო ვებსაიტი stopcov.ge იტყობინება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იტალიიდან ჩამოსული ადამიანების კონტაქტების შესწავლის შემდეგ საეჭვო პირებს ჩაუტარდათ ლაბორატორიული ანალიზი. კვლევის შედეგად 5 ადამიანს დაუდგინდა COVID-19. როგორც გამყრელიძე ამბობს, კორონავირუსი, ადამიანების იმ ჯგუფს გამოუვლინდა, რომლებმაც იტალიაში ერთად იმოგზაურეს და საქართველოში კვირას, 1 მარტს დაბრუნდნენ.
გამყრელიძის განცხადებით, კიდევ მიმდინარეობს იმ ადამიანების მოძიება, რომლებთანაც ინფიცირებულებს, შესაძლოა, კავშირი ჰქონოდათ. ინფიცირებულთა შორის ბავშვები არ არიან.
ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 162 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.
მთავარი რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს, არის:
- დაიცავით პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, ხშირად დაიბანეთ ხელები;
- გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მოერიდეთ მოგზაურობას;
- იტალიიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ თვითიზოლაციას საკუთარ სახლში, თუ ამის საშუალება არ არსებობს, იმ შემთხვევაში კარანტინში უნდა მოთავსდეთ;