ახალი ამბები

ვისაც თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს, კარანტინში უნდა გადავიდეს – გამყრელიძე

5 მარტი, 2020 • 949
ვისაც თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს, კარანტინში უნდა გადავიდეს  – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე იტალიიდან ჩამოსულ პირებს, ვისაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ, თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს.

გამყრელიძის თქმით, ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, ამ ადამიანებმა  მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და თვითიზოლაციაში ყოფნის წესები დაიცვან. გამყრელიძის თქმით, მისი მოწოდება ეხება იტალიიდან ჩამოსულ ნებისმიერ ადამიანს და უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ჩრდილოეთ იტალიიდან ჩამოვიდა, თუ სხვა რეგიონიდან.

“გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. იტალიიდან შემოსული ყველა ადამიანი ექვემდებარება  ინფექციურ სააავდმყოფოში გადაყვანას, თუ მათ სიმპტომები აქვთ. ეს სიმპტომებია ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა და ქოშინი, რაც ზოგადად რესპირაციული ინფექციებისთვის არის დამახასიათებელი. ხოლო დანარჩენები, ვინც იტალიიდან შემოდიან, თუ მათ სიმპტომები არ აქვთ ან მსუბუქად აქვთ, აუცილებელია მოთავსდნენ კარანტინში ან ყველა მათგანი დაექვემდებაროს თვითიზოლაციას.

ვისაც თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს, ისინი უნდა გადავიდნენ კარანტინში და ორი კვირის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იყვნენ. პირველ რიგში, ეს არის ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე, მათ ასევე უნდა იზრუნონ ირგვლივ მყოფებისა და საზოგადოების ჯანმრთელობაზეც, რათა არ იყვნენ ინფექციის გავრცელების წყარო,” – ამბობს გამყრელიძე.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 2 მათგანს იტალიაში მოგზაურობის გამოცდილება აქვს, ხოლო 2-ს – ირანში.

მასალების გადაბეჭდვის წესი