ახალი ამბები

ისრაელის არჩევნებში მთავრობის ფორმირების საჭირო ხმები ამჯერადაც ვერავინ მიიღო

5 მარტი, 2020 • 1198
ისრაელის არჩევნებში მთავრობის ფორმირების საჭირო ხმები ამჯერადაც ვერავინ მიიღო

ისრაელის 3 მარტის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც უკვე მესამეა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვერც ერთმა პარტიამ და კოალიციამ ვერ მოახერხა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 61 მანდატის მოგროვება.

მოქმედ პრემიერს – პარტია „ლიკუდის“ ლიდერ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის სასამართლო საქმეც განხილვა კორუფციის ბრალდებით 17 მარტს უნად დაიწყოს და მის მოკავშირეებს, მთლიანობაში, ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ, ჯერჯერობით, 61 მანდატამდე 3 მანდატი აკლდებათ, თუმცა ნეთანიაჰუმ უკვე განაცხადა, რომ არ ექნება მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მხარდაჭერა.

61 მანდატის მოპოვება ვერ მოახერხა ვერც ნეთანიაჰუს მთავარი ოპონენტის, ბენი განცის „ლურჯმა და თეთრმა“ პარტიამ.

ამასთან ერთად, ორივე პოლიტიკოსმა გამორიცხა პარტნიორობა არაბულ პარტიებთან. ამგვარად, ისრაელში მთავრობის ფორმირება კოალიციის გარეშე კვლავაც არ არის შესაძლებელი.

ისრაელის პრეზიდენტმა უკვე გამართა კონსულტაციები პარტიების ლიდერებთან. დიდი ალბათობით, მთავრობის ფორმირება დაევალება ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტიის ლიდერს, ანუ, ნეთანიაჰუს, თუმცა მის მიერ მთავრობის ჩამოყალიბების წინა მცდელობები საკმარისი მხარდაჭერის არქონის გამო ჩავარდა. „ლიკუდთან“ – ნეთანიაჰუს პარტიასთან ყველანაირ პარტნიორობას გამორიცხავს ბენი განცი, ოპოზიციის ლიდერი. მისი თქმით, ეს პირობა იქამდე იქნება ძალაში, სანამ „ლიკუდს“ კვლავ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს.

თუ ნეთანიაჰუ კვლავ ვერ მოახერხებს მთავრობის ჩამოყალიბებას, ისრაელში, დიდი ალბათობით, უკვე მეოთხე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი