ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვის სურს და არ სურს დიალოგი თბილისთან? – რას პირდებიან აფხაზ ამომრჩეველს

4 მარტი, 2020 •
ვის სურს და არ სურს დიალოგი თბილისთან? – რას პირდებიან აფხაზ ამომრჩეველს

ავტორი: მარიანა კოტოვა


ვინ არის ის სამი კანდიდატი, რომელიც აფხაზეთში, 22 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს და რას პირდება თითოეული მათგანი ამომრჩეველს.

ყველაზე ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატი ასლან ბჟანია 22 მარტის არჩევნებამდე დაახლოებით, სამი კვირით ადრე რუსეთში შეუძლოდ გახდა და შესაძლო მოწამვლის დიაგნოზით კრასნოდარშია ჰოსპიტალიზებული. მოგვიანებით, რუსი ექიმებისგან გაირკვა, ბჟანიას პნევმონია დაუდგინდა.

მისი მხარდამჭერები ბჟანიას გარეშე არჩევნების ჩატარებას ეწინააღმდეგებიან. აფხაზეთში ამჟამად ყველა, პოლიტიკოსებიც და ამომრჩეველიც მოვლენების შესაძლო განვითარებას ელოდება.

ვინ რას დაპირდა ამომრჩეველს

ყველაზე აქტიური და პოპულარული წინა საარჩევნო საპრეზიდენტო რბოლაში ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერ მინისტრი ალექსანდრ ანქვაბია, რომელიც ასლან ბჟანიას გამარჯვების შემთხვევაში კვლავ პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. 

ალექსანდრ ანქვაბისა და ასლან ბჟანიას ტანდემს აფხაზეთში ყველაზე პერსპექტიულად მიიჩნევენ, თუმცა კანდიდატ ადგურ არძინბას, ყოფილი ეკონომიკის მინისტრის უგულებელყოფა არ შეიძლება. 

ბჟანიას მხარდამჭერები ირწმუნებიან რომ არძინბა ვერ გახდება ახალი ფიგურა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რადგან, დიდი ალბათობით,  მთავრობას სწორედ რაულ ხაჯიმბა, ყოფილი პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.

თუმცა, ხაჯიმბასთან დაკავშირებით არძინბას გუნდისგან ოფიციალური ინფორმაცია არ გაჟღერებულა. მეტიც, ყველა შეხვედრაზე ამომრჩეველთან არძინბა საკუთარ თავს ახალ ძალას უწოდებს, საკუთარ გუნდს კი ახალგაზრდა, პროფესიონალი და ამბიციური პოლიტიკოსების გუნდს, რომლებსაც რესპუბლიკის განვითარების ახალ დონეზე გაყვანა შეუძლია.

რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატ ლეონიდ ძიაპშპას, ეს მისი მესამე არჩევნებია. 2014 წელს მან ხმების 3,4% მიიღო, 2019 წელს კი, – 7%. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2019 წლის სექტემბერში ჩატარდა, ძიაპშპამ საკუთარი პარტია “აკზაარა” შექმნა. მისი საქმიანობა არ არის თვალშისაცემი და მხოლოდ არჩევნების პერიოდში ხვდება ყურადღების ცენტრში. ლეონიდ ძიაპშმა პირველი იყო, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკუთარი კანდიდატურა დაარეგისტრირა.

საპრეზიდენტო სავარძელისკენ პროგრამების გარეშე

ინტერნეტში შეუძლებელია იპოვო ამ სამი კანდიდატიდან რომელიმეს საარჩევნო პროგრამა. სამივე კანდიდატის პრეს-მდივნები ვერ პასუხობენ კითხვას, როგორ და სად მოვძებნოთ კანდიდატების პროგრამები. ყველა მათგანი ირწმუნება რომ “ძალიან მალე პროგრამა მათ ვებ-გვერდზე და ფეისბუკის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნდება”. 

კანდიდატებთან შეხვედრებიც შეუძლებელია,  – როგორც თავად ამბობენ, ამომრჩევლებთან ინტენსიური შეხვედრები მათ მედიასთან კომუნიკაციისთვის დროსაც აღარ უტოვებს. ამიტომაც, გარკვეულ კითხვებზე პასუხების მიღება ამომრჩეველთა შეხვედრებზეა შესაძლებელი.

ბჟანია და მისი გუნდი, რომლის ყველაზე აქტიური ნაწილი ალექსანდრ ანქვაბი გახდა, ყველაზე მეტს ნავთობის მოპოვებაზე საუბრობენ. 

“გარემოს დაბინძურება უფრო მაწუხებს დღეს, ვიდრე ნავთობის მოპოვება. მაგრამ თუ ის გვაქვს და უნდა მოვიპოვოთ კიდეც. თუმცა, ჯერ საჭიროა, გავიგოთ, გვაქვს თუ არა ნამდვილად”, –  ამბობს ანქვაბი. 

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ასლან ბჟანია ჯერ კიდევ იმ აზრზეა, რომ საქართველოსთან დიალოგი აუცილებელია და უნდა დაიძრას ერთ წერტილში გაყინული ურთიერთობები. 

ადგურ არძინბა, პირიქით,

საქართველოს მტერს უწოდებს და რაიმე მოლაპარაკებებზე იქამდე აცხადებს უარს, სანამ ქართულ  მხარესთან სამშვიდობო შეთანხმება არ მოეწერება. 

მსგავსი პოზიცია აქვს კანდიდატ ძიაპშპას: “თავდაპირველად ხელი უნდა მოეწეროს სამშვიდობო შეთანხმებას, ანუ ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ამ შეთანხმებების გარეშე რაიმე გეგმებზე და პერსპექტივებზე საუბარიც ზედმეტია.

თუ ქართულ მხარეს არ სურს მსგავს შეთანხმებაზე ხელმოწერა, ეს იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტის არსებული მდგომარეობის შენაჩრუნება სურს.  ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად ვართ”.

საგარეო ურთიერთობებზე საუბრისას კი, ყურადღებას რუსეთთან კიდევ უფრო მეტი ინტეგრირების საჭიროებაზე ამახვილებს.

“აფხაზეთს უფრო ღრმა ინტეგრაცია სჭირდება რუსეთთან და რაც შეიძლება, სწრაფად. ფსოუზე საზღვარი მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს. მოწესრიგდეს სადგურები, რკინიგზა და ა.შ. ამისთვის საჭიროა აბსოლუტური უსაფრთხოება და მე ვიცი, როგორ უნდა უზრუნველვყოთ ეს აფხაზეთში ძალიან სწრაფად”, – ამბობს ძიაპშპა. 

თუმცა, არძინბა აფხაზეთისთვის ყველაზე პრობლემურ საკითხად კრიმინალს და ნარკომანიას მიიჩნევს. მათთან ბრძოლას კი –  ნომერ პირველ ამოცანად. 

ბუნებრივია, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის საკითხსაც ვერ უვლის გვერდს.

“სახელმწიფოს ყველაზე დიდი სიმდიდრე ხალხია. მიწები, სადაც აფხაზი ხალხი ცხოვრობს, მას უნდა ეკუთვნოდეს. ეს ის მიწებია, რომელსაც სისხლის ფასად ვიცავდით. როდესაც ეს საკითხები იწევა, ზოგიერთი ძალიან მარტივად მსჯელობს იმზე, რომ ჩვენ მაშინვე გავმდიდრდებით, თუკი უძრავი ქონების გაყიდვის ნებას დავრთავთ. ეს პროპაგანდაა და მე არ ვეთანხმები საკითხის ასე დაყენებას”, – განაცხადა არძინბამ უცუხესთა საბჭოს წინაშე გამოსვლის დროს.

უხუცესთა საბჭოსთან წინასაარჩევნო შეხვედრა ყველა კანდიდატმა მოასწრო. ბჟანიამ მათთან შეხვედრის დროს პატრიოტიზმზე ისაუბრა.

“აფხაზი ერი მცირერიცხოვანია. იმისთვის, რომ აფხაზი ერი შევინარჩუნოთ, აუცილებელია აფხაზური სახელმწიფოს მშენებლობა, რომლის მთავარი მიზანი აფხაზი ერის გაზრდა და მისი განვითარება იქნება”, – განუცხადა ბჟანიამ უხუცესებს.

ქალები 

სხვადასხვა აუდიტორიისთვის კანდიდატებს სპეციფიკური დაპირებები აქვთ. მაგალითად, აფხაზეთის საქმიან ქალებთან საუზმის დროს ასლან ბჟანიამ ყოველმხრივი მხარდაჭერა გამოუცხადა ქალებს. ეს შეხვედრა მან მას შემდეგ გამართა, რაც მისმა მხარდამჭერებმა ქალაქ ტყვარჩელში ქალაქის მერის, აიდა ჩაჩხალიას წინააღმდეგ მიტინგი გამართეს. მომიტინგეებმა უკმაყოფილების ერთ-ერთ მიზეზად მერის მდედრობითი სქესი დასახელეს.

“ჩვენ ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ მივედით რაულ ხაჯიმბასთან და ვუთხარით, რომ ქალაქის ხელმძღვანელად კაცი გვინდა. ზოგდად, ჩვენ ქალის საწინააღმდეგო კი არაფერი გვაქვს, ყველა ჩვენგანი ხომ დედამ გაგვაჩინა”, – ასე განმარტა პროტესტი ტყვარჩელის სახალხო კრების დეპუტატმა.

საბოლოოდ, აიდა ჩაჩხალია იძულებული გახდა შვებულებაში წასულიყო 21 მარტამდე. თავად ჩაჩხალია დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ პროტესტის მიზანი ტყვარჩელის მოსახლეობა დააშინებაა, თუკი ხმას არჩევნებში ბჟანიას არ მისცემენ. 

“ისინი ამბობენ, რომ არ სურთ ადმინისტრაციული რესურსი გამოვიყენო. მაგრამ მე არ მაქვს ადმინისტრაციული რესურსი, მხოლოდ ჩემი ავტორიტეტი მაქვს, რომელსაც სახლში ჯდომითაც გამოვიყენებ, თუ მომინდა”. 

რბოლა ონლაინ

კანდიდატმა ადგურ არძინბამ კონკურენტებს მოუწოდა, არ ჩაიციკლონ სატელევიზიო დებატებზე და აქტიურად გამოიყენონ სოციალური ქსელები. ის ტექნიკურ მხარდაჭერასაც შეპირდა მათ, რომ ონლაინ შეხვედრებს თავად დააორგანიზებს. 

ამ დრომდე საპრეზიდენტო კანდიდატების სატელევიზიო რგოლები ეთერში არავის უნახავს. არც საკუთარი ფოტოებით ბროშურებს არიგებენ ამომრჩევლებში. ინფორმაციის დიდ ნაწილს კი ისინი შეხვედრებზე ან აგიტატორების მეშვეობით აწვდიან ამომრჩეველს.  

არძინბამ სოციალურ ქსელებზე გააკეთა აქცენტი. მისი გვერდი ფეისბუკზე საათში რამდენჯერმე ახლდება. მისი ინსტაგრამიც აჭრელებულია ფოტოებითა და მოკლე ინფორმაციებით. სწორედ ამით განსხვავდება მისი კამპანია სხვებისგან.

თუმცა, სულ უფრო ხშირად ისმის პოტენციური ამომრჩევლისგან რომ “ყველას წინააღმდეგ მისცემს ხმას”.

არ მივცემ ხმას

“რა აზრი აქვს არჩევნებზე მისვლას, თუკი შენს კანდიდატს ნახევარ წელში სავარძლიდან გამოათრევენ. 2001 წელს ხმა ანქვაბს მივეცი, 2014 წელს ის გადააყენეს. 2014 წელს ხაჯიმბას დავუჭირე მხარი იმიტომ რომ ჩემი შვილები უჭერდნენ მხარს. 2019 წელს კვლავ მას მივეცი ხმა და ლამის, რევოლუცია მოხდა. ვის აინტერესებს ჩემი ხმა. 22 მარტს საერთოდ არ გავალ სახლიდან, ვფიცავ,”- ამბობს პენსიონერი მარინა კობახია.

იგივეს ფიქრობს მისი მეზობელი ალინა ივანბა: “სულერთია, ვისი პრეზიდენტობის დროს მოვკვდები, მაგრამ ჩვენი შვილები მეცოდებიან. მეშინია რომ არასწორ არჩევანს გავაკეთებ, ამიტომაც, საერთოდ არ წავალ არჩევნებზე”. 

როგორ დაითვლიან ხმებს?

აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოპოზიციის საპროტესტო აქციებისა და სამთავრობო შენობების შტურმის ფონზე პოსტიდან უზენაესი სასამართლოდ გადაწყვეტილების შედეგად გადადგა. სასამართლოს გადაწყვეტილებით 2019 წლის 8 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უკანონოდ გამოცხადდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ცესკომ არასწორად დაითვალა ხმები, როდესაც ოპონენტზე მეტი მიღებული ხმა ხაჯიმბას ჩაუთვალა გამარჯვებად. ადგილობრივი საარჩევნო რეგულაციები კი, როგორც აღმოჩნდა, ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, სასამართლომ, სწორედ ოპოზიციის აქციების ფონზე გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო, მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატისთვის მიცემული ხმები, ჯამში, ოპონენტისთვის და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმებზე მეტი ყოფილიყო. 

კანონის ტექსტში არჩევნების შესახებ ეს ნაწილი ასე ჟღერს: 

“საპრეზინდეტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც დააგროვებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე მთლიანობაში მის წინააღმდეგ.”

სახალხო პალატამ, მსგავსი სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტის დეპუტატებისგან არჩევნების შესახებ კანონში ცვლილება მოითხოვა. დეპუტატებმა საკითხი სესიაზე გაიტანეს. თუმცა, გადაწყვეტლება ვერ მიიღეს და გადაწყვიტეს, საერთოდ არ განიხილონ ეს საკითხი.

აღნიშნულ საკითხზე საპრეზიდენტო კანდიდატები ხმას არ იღებენ. შესაძლოა, ფიქრობენ, რომ დამარცხების შემთხვევაში, კანონში ხარვეზით ისარგებლებენ.


ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთში, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი