ახალი ამბები

მოლდოველი ოლიგარქი პლაჰოტნიუკი სანქციების მიუხედავად აშშ-ში იმყოფება – RFE/RL

4 მარტი, 2020 • 1878
მოლდოველი ოლიგარქი პლაჰოტნიუკი სანქციების მიუხედავად აშშ-ში იმყოფება – RFE/RL

რადიო თავისუფლების ცენტრალური ბიურო ამერიკისა და მოლდოვის მთავრობებში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოლდოველი ოლიგარქი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი, რომლისთვისაც აშშ-ს სანქციები აქვს დაკისრებული, სანქციების მიუხედავად, შეერთებულ შტატებში იმყოფება.

პლაჰოტნიუკი, რომელსაც მოლდოვის არაფორმალურ მმართველდ ასახელებდნენ, 2020 წლის 13 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შავ სიაში შეიყვანა. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ტვიტერზე დაწერა, რომ პლაჰოტნიუკის მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო ჩრდილი ადგებოდა კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული ინსტიტუტებს მოლდოვაში. პომპეო წერდა, რომ „შეერთებული შტატები მოლდოვის გვერდით დგას კორუფციასთან ბრძოლაში“.

4 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში რადიო თავისუფლება წყაროებზე დაყრნობით წერს, რომ პლაჰოტნიუკი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ იმყოფებოდა აშშ-ში; შავ სიაში შეყვანის შემდეგ კი, სულ მცირე, ერთხელ მაინც იყო აშშ-ში ჩასული. რადიო წყაროებს არ ასახელებს და წერს, რომ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მათ ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს.

ამასთან, რადიო წერს, რომ 4 მარტს მათ პლაჰოტნიუკის ნათლულმა, ანდრიან კანდუმ, მათ დაუდასტურა, რომ პლაჰოტნიუკი ახლაც აშშ-ში იმყოფება. „ეს არავის უნდა აკვირვებდეს“, – თქვა მან.

რადიო ასევე ციტირებს მოლდოვის ახლანდელ პრეზიდენტ იგორ დოდონს, რომელმაც გასულ თვეში ინტერვიუში თქვა, რომ მისი ინფორმაციით, პლაჰოტნიუკი შტატებში იმყოფებოდა. ეს დოდონს, როგორც თვითონ თქვა, პერსონალურად დაუდასტურა მოლდოვაში ამერიკის ელჩმა დეკერ ჰოგანმა. ჰოგანს განმარტებები არ გაუკეთებია.

როგორც „თავისუფლება“ წერს, ეს ფაქტი შემაშფოთებელია ექსპერტებისთვის და აქტივისტებისთვის მოლდოვაში, რომლებიც ანტი-კორუფციულ საქმიანობაში არიან ჩართული, რომლებიც შიშობენ, რომ შეერთებული შტატები ცუდ სიგნალს უგზავნის იმ ქვეყნებს, რომლებიც კორუფციის ამოძირკვასა და მმართველობის გაუმჯობესებას ცდილობენ.

პლაჰოტნიუკს მილიონობით დოლარის გათეთრებაში ედება ბრალი და მოლდოვას მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული. 2019 წელს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მან ქვეყანა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი