ახალი ამბები

აქციის მონაწილეებს პროკურატურასთან ზაზუნების გაშვების უფლება პოლიციამ არ მისცა [ვიდეო]

3 აგვისტო, 2015 •
აქციის მონაწილეებს პროკურატურასთან ზაზუნების გაშვების უფლება პოლიციამ არ მისცა [ვიდეო]

აქციის მონაწილეებმა, მოძრაობა “სახალხო სამართალის” წარმომადგენლებმა პროკურატურასთან მიიყვანეს ზაზუნები, რომელთა პროკურატურის შესასვლელთან გაშვებას აპირებდნენ. პოლიციამ მათ მოთხოვა, რომ ზაზუნები ტერიტორიიდან გაეყვანათ, რასაც აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ.

ამის შემდეგ, პოლიციამ აქციის ერთ–ერთ მონაწილეს გამოართვა კალათა, სადაც 3 ზაზუნა იყო და საპატრულო მანქანაში ჩადო. პოლიციის აკრძალვას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

აქამდე დაანონსებული იყო ვირთხების გაშვება, თუმცა, მოძრაობა “სახალხო სამართლის” წარმომადგენლის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ვირთხები ვერ შეიძინეს და სიმბოლურად ის ზაზუნით შეცვალეს.

აქციის მონაწილეებმა პროტესტი ზაზუნების გარეშე გააგრძელეს და პროკურატურის შესასვლელთან მხოლოდ ხაფანგები დააწყვეს. აქციის დასრულების შემდეგ პოლიცია მათ დაპირდა, რომ ზაზუნებს უკან დაუბრუნებენ.

“ვირთხები არის ერთგვარი სახე იმ პროკურატურის თანამშრომლების, რომლებიც ნაციონალური რეჟიმის დროს სისხლიან საქმეებს ასრულებდნენ, დღემდე არიან შემორჩენილი პროკურატურაში და ისევ მფარველობენ ნაციონალების ლიდერებს და სწორედ მათ მიერ შეფერხებული საქმეები იწვევს იმას, რომ ინტერპოლი ხსნის ძებნიდან სააკაშვილს, ადეიშვილს და ასევე კეზერაშვილს,”– აცხადებდა მოძრაობა “სახალხო სამართლის” წარმომადგენელი ოთარ სტეფანიშვილი.

მოძრაობა
მოძრაობა 'სახალხო სამართალის' აქცია. 03.08.2015

მოძრაობა
მოძრაობა ‘სახალხო სამართალის’ აქცია. 03.08.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი