ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან – ფაშინიანი ეთნიკურად სომხებზე

4 მარტი, 2020 • 3799
უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან – ფაშინიანი ეთნიკურად სომხებზე

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან“.

ფაშინიანი 3 მარტს ჩამოვიდა საქართველოში ორდღიანი ვიზიტით და ქვეყნის ლიდერებს შეხვდა. იმავე დღეს რუსთაველის თეატრში სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას, დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა ფაშინიანს ჰკითხა, „აქვს თუ არა სომხეთის ხელისუფლებას რამე პროგრამა სომხების სომხეთში დაბრუნების საკითხზე“ თუ ის ელოდება „სომხების თვითდინებით დაბრუნებას სამშობლოში, როგორც ეს გასული საუკუნის 40-იან წლებში მოხდა“.

ფაშინიანმა თქვა, რომ ამ კითხვის დასმა კითხვებს უჩენს და განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები სამშობლოში ცხოვრობენ.

„როდესაც მე ვხვდები ხოლმე, მაგალითად, გერმანიაში მცხოვრებ სომხებს და როცა მეკითხებიან სომხეთში დაბრუნებაზე, ეს ჩემთვის გასაგები თემაა… მაგრამ თბილისში, საქართველოში მცხოვრები სომხების მხრიდან მსგავსი შეკითხვა რაღაც კითხვებს მიჩენს, რადგან მე ვთვლი, რომ თბილისში მცხოვრები სომხები სამშობლოში ცხოვრობენ“, — განაცხადა ფაშინიანმა.

„ამით მე მინდა ვთქვა, რომ დიახ, თბილისში მცხოვრებმა სომხებმა და მთლიანად საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან“, — თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. მის ამ პასუხს დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ჩვენ (სომხებმა), როგორც ხალხმა, მიზანმიმართულად უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, განვითარებული, სტაბილური და ძლევამოსილი და საქართველომაც მიზანმიმართულად უნდა იმოქმედოს, რომ სომხეთი იყოს ძლიერი, განვითარებული და სტაბილური სახელმწიფო“, — განაცხადა მან.

შეხვედრის ეს მონაკვეთი „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა. თარგმანიც „რადიო თავისუფლებას“ ეკუთვნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი