ახალი ამბები

მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდის გაცემას გეგმავს

4 მარტი, 2020 • 621
მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდის გაცემას გეგმავს

მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდის გამოყოფას გეგმავს. როგორც მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული თანხის გამოყენება ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ზიანის ასანაზღაურებლად იგეგმება.

“სწრაფად შემუშავებული პაკეტის ფარგლებში, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება, მსოფლიო ბანკის ჯგუფი დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს, გააძლიერონ ჯანდაცვის სისტემა, რაც მოიცავს ჯანდაცვის სისტემებთან უკეთეს წვდომას, დაავადებაზე დაკვირვებას, სახალხო ჯანმრთელობის ინტერვენციების ხელშეწყობასა და ეკონომიკური გავლენის გასაუმჯობესებლად კერძო სექტორთან მუშაობას. ფინანსური პაკეტის ფარგლებში მსოფლიო ბანკი კოორდინაციას გაუწევს ქვეყნების მიხედვით გამოვლენილი საჭიროებების მხარდაჭერას”, – წერია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული პაკეტის ფარგლებში მსოფლიო ბანკი თანხის გაცემას გეგმავს გრანტებისა და დაბალპროცენტიანი სესხების სახით. ასევე პაკეტი მოიცავს ტექნიკურ დამხარებასაც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 3 მარტის მონაცემებით მსოფლიოს 72 ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 93 160 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. რაც შეეხება საქართველოს, 3 მარტის 21:30 საათის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში გადაყვანილია 148 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 27 პირი იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი