ახალი ამბები

SHARP ერთ-ერთ ქარხანაში მონიტორების ნაცვლად სამედიცინო პირბადეების წარმოებას იწყებს

3 მარტი, 2020 • 1406
SHARP ერთ-ერთ ქარხანაში მონიტორების ნაცვლად სამედიცინო პირბადეების წარმოებას იწყებს

მას შემდეგ, რაც კორონავისურის გავრცელების გამო მსოფლიოში სამედიცინო პირბადეებზე დეფიციტი შეიქმნა, ელექტრონიკის იაპონურმა კომპანია SHARP-მა გადაწყვიტა, მონიტორების მწარმოებელ ერთ-ერთ ქარხანაში სამედიცინო ნიღბების წარმოება დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ Mashable ავრცელებს.

საუბარია კომპანიის კუთვნილ, მიეს პრეფექტურაში მდებარე ქარხანაზე, სადაც SHARP მონიტორებს აწარმოებს. კომპანია გეგმავს, რომ მარტის ბოლომდე დღეში 150 ათასი სამედიცინო პირბადე დაამზადოს, შემდეგ ეტაპზე კი დღეში 500 ათას ერთეულამდე ავიდეს.

მედიასაშუალების ცნობით, მონიტორის მწარმოებელი მაღალტექნოლოგიური ქარხნები ცნობილია იმით, რომ მათ მიკრობებისგან მაქსიმალურად იცავენ, რაც, თავის მხრივ, სამედიცინო ნიღბების წარმოებისთვის იდეალურ გარემოს წარმოადგენს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, სამედიცინო ნიღბების გამოყენება რეკომენდებულია ვირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის, ან მათთვის, ვინც კორონავისურისთ დაავადებულ ადამიანებს უვლის ან მკურნალობს. WHO-ს განცხადებით, ჯანმრთელი ადამიანის მიერ მსგავსი ნიღბების გამოყენებას, რეალური შედეგი, პრაქტიკულად, არ აქვს და ძირითადად, პროდუქციაზე არაჯეროვან დეფიციტს იწვევს.

მთავარი ფოტო: EPA-EFE/DAVID CHANG

მასალების გადაბეჭდვის წესი